LIVE

ჩინეთი კოვიდრეგულაციების შემსუბუქებაზე მიანიშნებს

01 დეკ 202218:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 503
ჩინეთი კოვიდრეგულაციების შემსუბუქებაზე მიანიშნებს

ჩინეთი სამწლიანი "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის დასრულებაზე მიანიშნებს. 

ვიცე-პრემიერმა სუნ ჩუნლანმა ჯანდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას, რადგან კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ნაკლებად მომაკვდინებელია, გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა. 

სუნი, რომელიც კოვიდზე რეაგირების ჯგუფს ხელმძღვანელობს, თანამდებობას, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში დატოვებს. ბევრი ჩინელისთვის ის ქვეყნის უმძიმეს "ლოკდაუნებთან", მასობრივ კოვიდტესტირებასთან და სხვა რეგულაციებთან ასოცირდება. 

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელი ლიდერი დაავადებისგან მოსალოდნელი საფრთხის შემსუბუქებაზე საუბრობს, რაც აჩენს იმედს, რომ ქვეყნის კოვიდ პოლიტიკა იცვლება. 

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში რეგულაციების შემსუბუქება უკვე დაიწყო. პეკინსა და სხვა მეგაპოლისებში ინფიცირებულების კონტაქტებს კარანტინის სახლში გავლის უფლება მისცეს. ეს "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პუნქტი იყო. 

ჩინეთში, სადაც მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კოვიდრეგულაციები მოქმედებს, რეგულაციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკა.

ამ ფონზე, გასულ თვეში ქვეყანაში, მთავრობის "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა დაიწყო. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინი საზოგადოების აღშფოთების დასამშვიდებლად, ერთი მხრივ, შეამსუბუქებს ზოგიერთ რეგულაციას, მეორეს მხრივ, ის გამოიყენებს ცენზურას, პროპაგანდას და ძალას, რათა თავიდან აიცილოს საპროტესტო ტალღის გაძლიერება, რამაც შესაძლოა, რეჟიმს საფრთხე შეუქმნას.  

ფინანსურმა კომპანიამ, Nomura Holdings-მა, ჩინეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი მეოთხე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.8%-დან 2.4%-მდე, მთლიანი წლის პროგნოზი კი 2.9%-დან 2.8%-მდე შეამცირა.