LIVE

„ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით ₾1.7 მილიონის კონტრაქტი მიიღო - TI

05 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
„ოცნების“ შემომწირველმა გამარტივებული შესყიდვით ₾1.7 მილიონის კონტრაქტი მიიღო - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მსხვილმა შემომწირველმა და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი პროექტის, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთმა არქიტექტორმა გიორგი ჭყონიამ გამარტივებული შესყიდვით სახელმწიფოსგან 1 724 814 ლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო.

TI-ს თანახმად, ჭყონიას კომპანია შპს „მიდამოსთან“ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროსთვის ასაშენებელი შენობის არქიტექტურული მომსახურების შესყიდვის მიზნით, ხელშეკრულება 6 ოქტომბერს გააფორმა.

„გამარტივებული შესყიდვის დროს არ ტარდება კონკურენტული ტენდერი, სადაც მიმწოდებლები საუკეთესო წინადადებებით ეჯიბრებიან ერთმანეთს, შემსყიდველი პირდაპირი გზით აფორმებს კონტრაქტს მიმწოდებელთან. გარდა იმისა, რომ გამარტივებული შესყიდვა თანხის დაზოგვის არაეფექტიანი გზაა, მიმწოდებელი კომპანიის შერჩევა გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც კორუფციული გარიგების რისკს ზრდის“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბრამდე შპს „მიდამოს“ ან გიორგი ჭყონიას სხვა კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია.

კვლევის მიხედვით, შპს „მიდამო“ 2017 წლის აპრილში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გიორგი ჭყონიაა, რომელმაც 2018 წელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირა, 2020-2021 წლებში კი უშუალოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ - 120 000 ლარი. ჯამში, ჭყონიამ სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ 180 000 ლარი გაიღო.  

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოიკვლიონ, რამდენად დაირღვა კანონი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას.