LIVE

III კვარტალში ბიზნესი 723 300 ადამიანს ასაქმებდა, საშუალო ხელფასი კი ₾1 714 იყო - საქსტატი

05 დეკ 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 669
III კვარტალში ბიზნესი 723 300 ადამიანს ასაქმებდა, საშუალო ხელფასი კი ₾1 714 იყო - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალოდ 723 300 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.7%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2% მსხვილ ბიზნესზე გადანაწილდა, 22.5% - საშუალოზე, ხოლო 35.3% - მცირე ბიზნესზე.

კერო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5% ქალი იყო, ხოლო 57.5% - კაცი.

საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 3.6 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა) დარგი ლიდერობს.  

 

რაც შეეხება ხელფასებს, III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარი იყო. გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 258.7 ლარითაა გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხელფასი 174.2 ლარით არის გაზრდილი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი - 1 794.4 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი - 1 955.2 ლარი;
  • მცირე ბიზნესი - 1 420.4 ლარი.

საქსტატის თანახმად, III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 17.4%-ით გაიზარდა და 47.5 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. წინა კვარტალში მისი მოცულობა 18.9 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის შედეგებს 25.8%-ით აღემატებოდა.