LIVE

თბილისი ცენტრალი: წლევანდელი Black Friday-ის შედეგები რეკორდულია

01 დეკ 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
თბილისი ცენტრალი: წლევანდელი Black Friday-ის შედეგები რეკორდულია

"თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორის, ლევან ყარალაშვილის თქმით, წლევანდელ Black Friday-ზე სავაჭრო ცენტრებში გაყიდვებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია. ყველაზე გაყიდვად ნივთებს შორის კი პირველ ადგილზე, ტრადიციულად, ელექტრონიკაა. მათ შორისაა, საყოფაცხოვრებო ნივთები (ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა), ასევე მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. 

მისივე თქმით, კომპანიებს მონაცემები სრულყოფილად ჯერ არ დაუთვლიათ, თუმცა წინასწარი შედეგები ცხადყოფს, რომ გაყიდვებმა 2019 წლის მონაცემებსაც გადააჭარბა. 

"მთლიანი მონაცემები ჯერ არ გვაქვს, თუმცა წინასწარი შედეგებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი Black Friday რეკორდულია. მაგალითად, "თბილისი ცენტრალში" თუ ადამიანების საშუალო დღიური რაოდენობა 25-30 ათასია, შავ პარასკევსა და შემდგომ დღეებში დღიურად ადამიანის რაოდენობამ 45-50 ათასი შეადგინა, რაც წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, "თბილისი ცენტრალში" განთავსებული ობიექტები წელიწადში თითქმის 300 მილიონ ლარზე მეტს აგენერირებენ და წელს, ამ თანხის თითქმის ერთი მესამედი ბოლო 3 თვეზე, განსაკუთრებით კი ნოემბერზე განაწილდა. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ წელს სავაჭრო ცენტრებში სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ბევრნი იქნებოდნენ, გამომდინარე ბოლო თვეებში რუსი, ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეების მკვეთრი შემოდინებისა", - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.