LIVE

უნებართვო სათამაშო ბიზნესისა და ბიუჯეტისთვის ₾350 000-ის დამალვისთვის 2 ადამიანი დააკავეს

01 დეკ 202210:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 640
უნებართვო სათამაშო ბიზნესისა და ბიუჯეტისთვის ₾350 000-ის დამალვისთვის 2 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარაში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს აზარტული თამაშებისთვის უნებართვოდ ჰქონდათ მოწყობილი სათამაშო ბიზნესის ობიექტები, რის გამოც ბიუჯეტმა დაახლოებით, 350 000 ლარი დაკარგა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სადაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ერთ შემთხვევაში, არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.

დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით, 350 000 ლარი“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.