LIVE

"კიბერ ორშაბათის" ონლაინ ვაჭრობამ აშშ-ში რეკორდულ მაჩვენებელს - $11.3 მილიარდს მიაღწია

30 ნოე 202216:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
"კიბერ ორშაბათის" ონლაინ ვაჭრობამ აშშ-ში რეკორდულ მაჩვენებელს - $11.3 მილიარდს მიაღწია

ამერიკელებმა "შავი პარასკევისა" და "კიბერ ორშაბათის" ონლაინ შოპინგზე რეკორდული თანხა დახარჯეს. 

Adobe Analytics-ის მონაცემებით, ხუთი დღის განმავლობაში, საყიდლებზე დახარჯულმა თანხამ ჯამში $35,4 მილიარდი შეადგინა. მხოლოდ "კიბერ ორშაბათის" გაყიდვებმა რეკორდულ $11,3 მილიარდს მიაღწია, რაც, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5,3%-ით მეტია. "შავი პარასკევის" გაყიდვები გაიზარდა 2,3%-ით, 9,12 მილიარდამდე.

სპეციალისტების განმარტებით, დახარჯული თანხის მოცულობის ზრდა ინფლაციას უკავშირდება და ეს არ ნიშნავს, რომ წელს ამერიკელებმა უფრო მეტი რამ შეიძინეს. 

„თუ ინფლაცია 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო გაყიდვები 5%-ით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ხალხმა წელს ნაკლები იყიდა. ეს ეჭვგარეშე ფაქტია“, - ამბობს Forrester-ის ანალიტიკოსი სუჩარიტა კოდალი. 

მიუხედავად ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ მყიდველების რიცხვი გაზრდილია. 

საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის მონაცემებით, შაბათ-კვირას 196,7 მილიონმა ადამიანმა ივაჭრა. სავაჭრო ჯგუფის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის, მეთიუ შაის თქმით, ეს რიცხვი მოსალოდნელ მაჩვენებელს 30 მილიონით აჭარბებს. 

შეის თქმით, ეს ფიზიკურ მაღაზიებში ვაჭრობის განახლებაზე მიუთითებს, მაგრამ ანალიტიკური ფირმის, Placer.ai-ის მონაცემების თანახმად, "შავ პარასკევს" დახურულ სავაჭრო ცენტრებში ვიზიტები შარშანდელთან შედარებით, 2,3%-ით, ე.წ. აუთლეთ ცენტრებში 3,9%-ით, ხოლო ღია ცის ქვეშ ცენტრებში 0,5%-ით შემცირდა.

საცალო ვაჭრობის ფედერაციის განცხადებით, შაბათ-კვირას ონლაინ ვაჭრობას 130 მილიონმა ადამიანმა მიმართა, რაც მცირე ზრდაა გასული წლის, 128 მილიონთან შედარებით. Adobe Analytics-ის თანახმად, წელს ტელეფონით რეკორდულად ბევრმა ივაჭრა. მათზე ონლაინ ვაჭრობის 55% მოდის.  

რეკორდულ გაყიდვებზე მიუთითებს Shopify-ც, რომლის მიხედვითაც, მადლიერების დღიდან "კიბერ ორშაბათამდე" რეკორდული გაყიდვები დაფიქსირდა - გლობალურად 52 მილიონმა მომხმარებელმა $7.5 მილიარდის პროდუქტი შეიძინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება.