LIVE

სკანდალის შემდეგ, Balenciaga სარეკლამო კომპანიას უჩივის და $25 მილიონს ითხოვს

29 ნოე 202214:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1067
სკანდალის შემდეგ, Balenciaga სარეკლამო კომპანიას უჩივის და $25 მილიონს ითხოვს

Balenciaga სარეკლამო კომპანია North Six-ს უჩივის და ზიანის ასანაზღაურებლად მინიმუმ $25 მილიონს ითხოვს.

ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში ცნობილი მოდის სახლი ამტკიცებს, რომ კომპანიამ და გადასაღები მოედნის დიზაინერმა ნიკოლას დე ჟარდინსმა სარეკლამო კამპანიაში ნებართვის გარეშე გამოიყენეს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული დოკუმენტების ამსახველი ფოტოები.

საუბარია კადრზე, სადაც ჩანთა დოკუმენტებით მოფენილი მაგიდის თავზე დევს. ერთ-ერთი დოკუმენტი ასახავს ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებული სასამართლო დავის გადაწყვეტილებას.

„საზოგადოებამ და მედიამ არასწორად და საშინლად დააკავშირეს Balenciaga ამაზრზენ და ღრმად შემაშფოთებელ თემასთან“, - ნათქვამია მოდის სახლის სასამართლო დოკუმენტებში.

მოდის სახლმა კომპანია North Six და დეკორატორი ნიკოლას დე ჟარდინსი 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის რეკლამის გადასაღებად დაიქირავა. რეკლამის გამო, Balenciaga კრიტიკის სამიზნე გახადა.

საზოგადოებაში გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ, Balenciaga-მ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოები წაშალა. 

მოდის სახლმა რეკლამის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ კამპანიის ზედამხედველობასა და კონტროლის ნაკლებობის გამო, პასუხისმგებლობას იღებს.

გასულ დღეებში ცნობილ მოდის სახლს ბოდიშის მოხდა კიდევ ერთ რეკლამაზე მოუწია. Balenciaga Gift Shop-ის კამპანიაში გადაღებულ ბავშვებს ხელში უჭირავთ დათუნიები, რომლებსაც ბადიანი მაისურები და ტყავის აქსესუარები აცვიათ. რეკლამამ საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია, რის გამოც, კომპანიამ ფოტოები წაშალა და ბოდიში მოიხადა.

გუშინ ამერიკელმა სელებრითმა კიმ კარდაშიანმა განაცხადა, რომ მოდის სახლთან ურთიერთობას გადააფასებს.

„ბავშვების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს უმაღლეს დონეზე და ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახით ბავშვზე ძალადობის ნორმალიზების მცდელობას“, - თქვა კარდაშიანმა.

HSBC-ის აპრილის შეფასებით, Balenciaga-მ 2021 წელს გაყიდვებით დაახლოებით $1,76 მილიარდი ევრო გამოიმუშავა.