LIVE

როგორ შეუძლია მსესხებელს საკრედიტო რეიტინგის აღდგენა - კრედიტინფოს განმარტება

26 ნოე 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 891
როგორ შეუძლია მსესხებელს საკრედიტო რეიტინგის აღდგენა - კრედიტინფოს განმარტება

სესხებზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, თუ საკრედიტო ისტორია ძალიან დაზიანებულია, მოქალაქის რეიტინგის გაუმჯობესებას 6-დან 12 თვემდე სჭირდება, - ამის შესახებ კრედიტინფო საქართველოს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ლაშა ბაღათურიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, საკრედიტო რეიტინგის გასაუმჯობესებლად დროული გადახდები მნიშვნელოვანია. 

„კრედიტინფოში ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებთ. რეგულირებადი საკრედიტო ორგანიზაციები ვალდებულები არიან, 10 მლნ ლარამდე სესხის შესახებ ინფორმაცია ჩვენს საიტზე ატვირთონ. შესაბამისად, ინფორმაცია მოდის, როგორც ვადაგადაცილებულ, ისე არავადაგადაცილებულ სესხებზე. როგორც კი ერთ დღიანი ვადაგადაცილება ფიქსირდება, ეს ავტომატურად აისახება. გადახდის შემდეგ კი ჩანს როგორც დახურული ვადაგადაცილება.

ვადაგადაცილებას საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს საკრედიტო რეიტინგზე და ისტორიაზე. ხშირი ვადაგადაცილების შემდეგ მომხმარებლებს საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობა უჭირთ. თუმცა, სწორი გადახდებით, საკრედიტო რეიტინგი, საკრედიტო ქულა უმჯობესდება.

რა ვადაში მოხდება რეიტინგის გაუმჯობესება, ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ვის როგორი სესხი აქვს, რამდენია ვალდებულება, ერთი სესხი იყო ვადაგადაცილებული თუ მეტი. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ვადაგადაცილების, 30-90 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, 2-3 თვეა საჭირო, რომ რეაბილიტაცია დაიწყოს და საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდეს. თუ ძალიან დაზიანებული ისტორიაა - დიდხნიანი ვადაგადაცილებაა, 6-დან 12 თვემდე პერიოდია საჭირო, რომ საშუალო რეიტინგს მიუახლოვდეს, C რეიტინგში გადაინაცვლოს“,- აღნიშნა ლაშა ბაღათურიამ.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ბანკის სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 312 899 მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავდებს უფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, სექტემბერთან შედარებით, ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა ოქტომბერში 1 632-ით გაიზარდა.