2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ბანკის სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება 312 899 მსესხებელს, თანამსესხებელსა და თავდებს უფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ კრედიტინფო საქართველოს მონაცემებით, სექტემბერთან შედარებით, ვადაგადაცილების მქონე მსესხებლების რაოდენობა ოქტომბერში 1 632-ით გაიზარდა.
სადეპუტატო კითხვაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული პასუხის თანახმად, ვადაგადაცილებული საბანკო სესხების რაოდენობამ 435 889 შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ არიან მოქალაქეები, რომლებსაც ბანკში ერთზე მეტი ვადაგადაცილებული სესხი აქვთ.
სებ-ის ინფორმაციით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ძირი თანხის ჯამურმა მოცულობამ 2 მლრდ 613 მლნ ლარს გადააჭარბა.
ამასთან, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში ვადაგადაცილება 4.4 მლრდ ლარის სესხზე ფიქსირდება. მსესხებლების ჯამური რაოდენობა, რომელთაც კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სესხის გამცემი სუბიექტების (მათ შორის, ლომბარდი და კოლექტორი), ასევე სალიზინგო და სხვა კომპანიების ვალზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ, 574 715-ია.