LIVE

Twitter-ს ვერიფიკაციის ორი ახალი სიმბოლო ემატება

25 ნოე 202215:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 660
Twitter-ს ვერიფიკაციის ორი ახალი სიმბოლო ემატება

Twitter-ის ახალი მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი პლატფორმაზე ვერიფიკაციის ახალ გეგმას აქვეყნებს. 

მისი ტვიტის თანახმად, ვერიფიკაციის ახალი სისტემა მომავალი კვირიდან ამუშავდება. ვერიფიკაციის ლურჯი ნიშანი განკუთვნილი იქნება კერძო პირებისთვის, ოქროსფერ ნიშანს კომპანიები, ნაცრისფერს კი სახელმწიფო უწყებები მიიღებენ. 

მასკის განცხადებით, ვერიფიკაციამდე თითოეული ანგარიში შემოწმდება. გადაწყვეტილებას მასკმა მტკივნეული, თუმცა აუცილებელი უწოდა. 

მისი კიდევ ერთი ტვიტის მიხედვით, თუ ვერიფიცირებულ კომპანიაში დასაქმებული პირი ინდივიდუალურ ვერიფიკაციას მოისურვებს, მის ანგარიშზე შესაძლოა, დამატებით კიდევ ერთი პატარა სიმბოლო გამოჩნდეს. სიახლის შესახებ მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი მომავალ კვირას გახდება. 

კომპანიის ყიდვის შემდეგ, ილონ მასკმა ვერიფიკაცისთვის ყოველთვიური გადასახადი - $8 დააწესა, თუმცა სერვისი მალევე შეჩერდა, რადგან ამან ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. 

ვერიფიცირებული, მაგრამ ყალბი Eli Lilly-ის მიერ გამოქვეყნებულმა ტვიტმა: "ინსულინი ახლა უფასოა", კომპანიის აქციები გააუფასურა. 

მასკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის, General Motors-მა, Volkswagen-მა, Pfizer-მა და General Mills-მა.  

მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის.