LIVE

85%-იანი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

24 ნოე 202217:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 445
85%-იანი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 150 საბაზისო პუნქტით, 9%-მდე შეამცირა. რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, მარეგულირებელმა პოლიტიკის შერბილების ციკლის დასრულება გადაწყვიტა.

ოქტომბერში თურქეთში ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა და მორიგ 24-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზეწოლის შედეგად, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალური ბანკი განაკვეთებს არ ზრდიდა.

„გლობალურ მოთხოვნასთან დაკავშირებით მზარდი რისკების გათვალისწინებით, კომიტეტმა შეაფასა, რომ  პოლიტიკის არსებული განაკვეთი ადეკვატურია და გადაწყვიტა, დაესრულებინა განაკვეთების შემცირების ციკლი, რომელიც აგვისტოში დაიწყო“, - ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ბანკის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ წლის ბოლომდე თურქეთს ერთნიშნა რეფინანსირების განაკვეთი ჰქონდეს. მას მიაჩნია, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა თურქეთის ეკონომიკას დააზიანებს. ამ მიდგომამ თურქეთში ინფლაციის კიდევ უფრო დაჩქარება და ლირას გაუფასურება გამოიწვია.