LIVE

FTX-ის კრახმა კრიპტოპლატფორმების რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა

26 ნოე 202215:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
FTX-ის კრახმა კრიპტოპლატფორმების რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა

FTX ბირჟის კრახმა კრიპტო სექტორის რეგულირების საკითხი დღის წესრიგში დააყენა.

აშშ-ის მარეგულირებლის, ფინანსური მომსახურებისა და ბაზრის ორგანოს (FSMA) თავმჯდომარის, ჟან-პოლ სერვეის თქმით, კრიპტო პლატფორმებისთვის ახალი ტიპის რეგულაციების შემუშავება საჭირო არ არის და ის შეიძლება დაეყრდნოს იმ პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება საკრედიტო რეიტინგის სააგენტოებისა და ბაზარზე ფასის საორიენტაციო კონტრაქტების მდგენელების მიმართ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ ეს საკითხი ასეთი პრობლემური არ იყო და დღესაც არსებობს მოსაზრებები.

„საკითხები იცვლება და სხვადასხვა ტიპის ბიზნესებს შორის არსებული ურთიერთკავშირების გამო, ვფიქრობ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ დისკუსიის დაწყება და ტენდენცია სწორედ აქეთკენ მიდის“, - ამბობს სერვეი.

ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOSCO), რომელიც არეგულირებს ფასიანი ქაღალდების და ფიუჩერსების მსოფლიო ბაზრებს, ე.წ. stablecoins-ის შესახებ რეგულირების ძირითადი პრინციპები უკვე ჩამოაყალიბა. ამჟამად მისი ყურადღების ქვეშ ამ კრიპტოვალუტებით მოვაჭრე პლატფორმები მოექცა. 

IOSCO-ს განცხადებით, FTX-ის ტიპის პლატფორმების რეგულირების საკითხი აქტუალური 2023 წელს გახდება. 

ინდუსტრიაში რეგულაციების საკითხს მიმდინარე თვეში უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance-ის აღმასრულებელი დირექტორიც გამოეხმაურა. ჩანგპენგ ჟაო ინდუსტრიისთვის ახალი, მაგრამ სტაბილური და მკაფიო რეგულაციების შემოღებას ითხოვს

FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, რათა კრიპტოვალუტის ბირჟაზე "ლიკვიდურობის კრიზისი" დაეძლია, თუმცა საბოლოოდ Binance-მა FTX-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა FTX US-საც და მალევე გამოაცხადა გაკოტრების შესახებ ინფორმაცია.

FTX ბირჟის კრახის გამო, მილიონმა კრედიტორმა მილიარდობით დოლარის ზარალი ნახა. "ბიზნეს ფორმულას" ინფორმაციით, მომხმარებლებს შორის, რომლებმაც კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად თანხები დაკარგეს, ქართველი ტრეიდერებიც აღმოჩნდნენ.