LIVE

FTX-ის გაკოტრების შედეგად თანხები ქართველმა ტრეიდერებმაც დაკარგეს

22 ნოე 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
FTX-ის გაკოტრების შედეგად თანხები ქართველმა ტრეიდერებმაც დაკარგეს

მომხმარებლებს შორის, რომლებმაც კრიპტო ბირჟა FTX-ის კოლაფსის შედეგად თანხები დაკარგეს, ქართველი ტრეიდერებიც აღმოჩნდნენ.

ზოგიერთი ქართველი მომხმარებლის ზარალის ოდენობა რამდენიმე ათეულ ათას დოლარსაც აღწევს. თუმცა, ამ მომენტისთვის, არ ჩანს სამართლებრივი გზა, რომლის საშუალებითაც ქართველი მომხმარებლები თანხების უკან დაბრუნებას შეძლებენ. როგორც "ბიზნეს ფორმულასთვის" გახდა ცნობილი, მათმა ნაწილმა იურისტებს უკვე მიმართეს.

FTX-ის ბირჟის ჩამოშლას, გასულ კვირას ის ფაქტიც დაემატა, რომ ჰაკერებმა დაახლოებით 600 მილიონი დოლარი მოიპარეს FTX-ის პლატფორმიდან, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ალბათობა იმის, რომ ბირჟის მომხმარებლები თანხებს უკან ვეღარ დაიბრუნებენ. ჰაკერი, რომელმაც ბირჟიდან თანხა გაიტანა, ეთერიუმის რიგით 35-ე მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, FTX-ს ლიკვიდურობის პრობლემა დიდი ოდენობით თანხის გატანამ შეუქმნა. ცნობებმა, რომლებმაც FTX-ის ფინანსური მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა, ბაზარზე პანიკა და სამი დღის განმავლობაში ბირჟიდან $6 მილიარდის გატანა გამოიწვია. შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიოში კრიპტოვალუტის უმსხვილესი ბირჟა Binance მთავარ კონკურენტს, FTX-ს ყიდულობდა, რათა კრიპტოვალუტის ბირჟაზე "ლიკვიდურობის კრიზისი" დაეძლია, თუმცა საბოლოოდ Binance-მა FTX-ის ყიდვაზე უარი განაცხადა. ლიკვიდურობის პრობლემა შეექმნა FTX US -საც და მალევე გამოაცხადა გაკოტრების შესახებ ინფორმაცია.