LIVE

რუსული ინტერნეტ გიგანტი Yandex ქვეყნიდან გასასვლელად პუტინის დასტურს ელის

25 ნოე 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 512
რუსული ინტერნეტ გიგანტი Yandex ქვეყნიდან გასასვლელად პუტინის დასტურს ელის

რუსული ინტერნეტ გიგანტი Yandex NV ქვეყანაში ოპერაციების გაყიდვისა და ძირითადი საერთაშორისო პროექტების გაუქმებისთვის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანხმობას ელის. ამის შესახებ Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს

მედიის თანახმად, კომპანიასა და პრეზიდენტს შორის არაფორმალური შუამავალია რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, პუტინთან დაახლოებული ალექსეი კუდრინი. გამოცემა წერს, რომ რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ის კომპანიაში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე დაინიშნება. 

ცვლილებების შედეგად, ბიზნესის გაყიდვით, Yandex-ის ჰოლანდიური ჰოლდინგი რუსული ბიზნესის უდიდეს ნაწილს, მათ შორის, საძიებო სისტემას და ელექტრონული კომერციის პლატფორმას ყიდის. 

New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Yandex N.V. ბიზნესის გადატანას არარუსულ ბაზრებზე გეგმავს.

Yandex-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

აგვისტოში, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა კომპანიამ VK, Yandex-ის ახალი ამბების არხი და მთავარი გვერდი იყიდა. სანაცვლოდ, Yandex-მა შეიძინა საკვების მიწოდების კომპანია Delivery Club VK-დან, რითაც სურს, რომ საკვების მიწოდებისა და ტრანსპორტირების მიმართულებაზე ფოკუსირდეს.

რუსეთთან კავშირების გაწყვეტით, Yandex იმედოვნებს, რომ დაიცავს თავის ახალ საწარმოებს, როგორიცაა თვითმართვადი მანქანები, ღრუბლოვანი სისტემები და საგანმანათლებლო ტექნოლოგიები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა Yandex-თან ურთიერთობა შეწყვიტეს. 

Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორები ევროკავშირის სანქციების სიაშიც მოყვნენ. საინფორმაციო პლატფორმაზე ომის მხარდამჭერი რუსული პროპაგანდის ხელშეწყობის გამო, მარტში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა Yandex-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ტიგრან ხუდავერდიანს, რომელიც პასუხისმგებელი იყო ახალი ამბების განყოფილებაზე.

კომპანიისთვის დარტყმა იყო რუსი სპეციალისტების მიერ ქვეყნიდან გასვლაც. Bloomberg აგვისტოში წერდა, რომ ომის დაწყების შემდეგ, Yandex-ის 19 000 თანამშრომლის 10%-ზე მეტმა რუსეთი დატოვა.

მოგვიანებით სანქციები შეეხო Yandex-ის დამფუძნებელს და მაშინდელ აღმასრულებელ დირექტორს არკადი ვოლოჟს, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის „მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა. ვოლოჟმა აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა იმავე დღეს დატოვა.