სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, ვიდრე პარლამენტი თამბაქოს სადა, სტანდარტიზებული შეფუთვის გადავადების კანონპროექტზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ თამბაქოს ინდუსტრიას პარლამენტში ლობი ჰყავს და ის ქართული ოცნების დეპუტატი ისკო დასენია. თავად კომპანიები ირწმუნებიან, რომ რეგულაციის გადავადების მთავარი მიზეზი უკრაინაში რუსეთის ომის გამო ბაზარზე შექმნილი დეფიციტია.
"ისკო დასენი ყველასთვის ცნობილი ადამიანია, ახლა ლობირებს თამბაქოს. თუ პარლამენტში ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, გამოვა რომ პარლამენტში უამრავი ისკო დასენი გვყოლია",- აცხადებს, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.
"ბიზნეს ფორმულა" ბრალდებების ადრესატს, "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისკო დასენს დაუკავშირდა. მან ყველაფერი უარყო, მათ შორის ისიც, რომ თამბაქოს ინდუსტრიას მფარველობს. დასენი რამდენიმე მიზეზით ხსნის გადავადების ინიციატივას. მისი განცხადებით, უკრაინა ომის გამო ვერ მოახერხებს წარმოების გადაწყობას სადა შეფუთვაზე, ქართულ ბაზარზე გაჩნდება თამბაქოს დეფიციტი და ეს გააჩენს შავ ბაზარს, რაც გზას გაუხსნის სომხეთიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან თამბაქოს შემოტანას.
"ჩემი პასუხი არის გულწრფელი მერწმუნეთ, მე არანაირ ბიზნესს არ ვმფარველობ, ეს შეუძლებელია, რომ მე შევძლო რომელიმე ბიზნესის მფარველობა, მით უმეტეს თუ რამე უკანონო ხდება. თუ ვინმეს რამე მოსაზრება აქვს მოვიდეს პარლამენტში, კომიტეტებში. ეს კანონი რომ არ მივიღოთ, პირველ რიგში დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას", - აცხადებს ისკო დასენი.
ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები პირდაპირ მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, რომ გადავადების რეგულაციას მხარი არ დაუჭირონ, რადგან ეს ეწინააღმდეგება თამბაქოს მოხმარების შემცირების რეფორმას. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სხვადასხვა კვლევით, ინგლისი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სადა, სტანდარტიზებული შეფუთვა აამოქმედა, რის შემდეგაც მოწევის სტატისტიკა შემცირდა და მწეველებისთვის თამბაქო ნაკლებად მიმზიდველი გახადა.
ცნობისთვის, ქვეყანაში ჯანდაცვის რეფორმა უკვე 4 წელია ამოქმედებულია და ამ წლების განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება კი 15%-ით.