LIVE

მასკმა Twitter-ზე დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგინა

20 ნოე 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
მასკმა Twitter-ზე დონალდ ტრამპის ანგარიში აღადგინა

Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის გადაწყვეტილება გააუქმა. 

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მასკის მიერ საკუთარ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვა - აღდგეს თუ არა ტრამპის ანგარიში. გამოკითხვაში მონაწილეობა 15 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათგან 52%-მა კითხვას დადებითი პასუხი გასცა. 

„ხალხმა საკუთარი აზრი გამოთქვა. ტრამპი აღდგება. Vox Populi, Vox Dei („ხმა ერისა, ხმა ღვთისა“) , - დაწერა მასკმა Twitter-ზე საბოლოო შედეგების შესახებ.

გადაწყვეტილების მიუხედავად, უცნობია დაბრუნდება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი Twitter-ზე. მან რამდენიმე თვის უკან განაცხადა, რომ აკრძალვის გაუქმების შემთხვევაშიც არ დაბრუნდება პლატფორმაზე. ის საკუთარ სოციალური მედიის კომპანიას Truth Social-ს უჭერს მხარს.

სოციალური მედიის კომპანიამ ძალადობის განდიდების წინააღმდეგ წესების დარღვევის მიზეზით ტრამპის ანგარიში 2021 წლის იანვარში გააუქმა, როცა მან მხარდამჭერებს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მისვლისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Meta Platform-ის Facebook-მაც. 

ტრამპმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. მისმა თანაშემწეებმა ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანეს, თავად ყოფილმა პრეზიდენტმა კი ფლორიდაში, მის რეზიდენციაში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა.