საქართველოში Google Pay-ს გადახდის სერვისის ამოქმედების პირველივე დღეს Google Wallet-ში ბარათი საქართველოს ბანკის 15 000-მა მომხმარებელმა დაამატა.
ბანკის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსის, ანა ნინუას განცხადებით, ეს საფულეში ბარათის დამატების რეკორდული მაჩვენებელია.
„პირველივე დღიდან, მომხმარებლების აქტივობა ძალიან მაღალია. მათ მიერ, ერთი დღის განმავლობაში, საფულეში ბარათის დამატების რაოდენობამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდულ რიცხვს მიაღწია. პირველივე დღეს დაახლოებით, 15 000 ადამიანი დარეგისტრირდა“, - განაცხადა ანა ნინუამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში.
მისი განმარტებით, საქართველოში მობილური ტელეფონის მფლობელთა დაახლოებით, 70% Android-ის მომხმარებელია, 30% კი - Apple-ის.
საქართველოში Google Pay-ს გადახდის სერვისი ამოქმედდა, რაც ნიშნავს, რომ Google Wallet-ის აპლიკაციის გადმოწერით, ტელეფონით, პლანშეტით ან Android-ის საათით უკონტაქტო გადახდა Android-ის ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლებათ.