LIVE

მოსკოვი "ბიჭვინთის საკითხზე" სოხუმის პირობებს არ გაითვალისწინებს

17 ნოე 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 525
მოსკოვი "ბიჭვინთის საკითხზე" სოხუმის პირობებს არ გაითვალისწინებს

მოსკოვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს, სადაც ბიჭვინთის შეთანხმებისთვის ე.წ. აფხაზური მხარე ორ პირობას ასახელებდა, ოფიციალურად უპასუხა. ინფორმაციას აფხაზური მედიაგამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" ავრცელებს.

ბიჭვინთის ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებამდე, სოხუმი ითხოვდა, შეთანხმების დოკუმენტში არასწორად მითითებული კოორდინატები, რომელმაც გადასაცემი ტერიტორიის ფართობი გაზარდა, შეცვლილიყო. ამასთან, სოხუმი შეთანხმებაში პუნქტის ჩამატებას ითხოვდა, რომელიც მესამე პირებზე ტერიტორიის გადაცემას შეზღუდავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სოხუმის პირობები მოსკოვისთვის მისაღებია, თუმცა მანამ, სანამ შეთანხმება ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის მიერ არ რატიფიცირდება, ცვლილებები მასში არ აისახება. რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემაზე შეთანხმების არსებული სახით რატიფიცირების წინააღმდეგი არიან ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციური ძალები და ორგანიზაციები.

ცნობისთვის, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.