LIVE

Apple ჩინეთის ქარხნებიდან მოსალოდნელზე ნაკლებ iPhone14-ს მიიღებს

09 ნოე 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 563
Apple ჩინეთის ქარხნებიდან მოსალოდნელზე ნაკლებ iPhone14-ს მიიღებს

Apple ჩინეთიდან ახალი iPhone 14-ის პრემიუმ მოდელების მოსალოდნელზე ნაკლებ ოდენობას ელის, რაც ჩინეთში კოვიდ-რეგულაციებით დაზიანებულ ქარხანაში წარმოების მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდება. ეს კი კომპანიის გაყიდვების პერსპექტივას ამცირებს. 

ჟენჯოუში მდებარე Foxconn-ის მიერ აწყობილი მაღალი დონის სმარტფონებზე მოთხოვნა დაეხმარა Apple-ს, შეენარჩუნებინა პოზიცია ინფლაციითა და მაღალი რეფინანსირების განაკვეთის ფონზე დაზარალებულ ტექნოლოგიურ სექტორში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქი ჟენჯოუ, სადაც Apple-ის უდიდესი ქარხანა მდებარეობს, ხელისუფლებამ ერთი კვირით ჩაკეტა, კომპანია ქვეყნის კოვიდ პოლიტიკის მსხვერპლად იქცა.  

Apple-ს გარდა, პოლიტიკამ ასევე აზარალა ისეთი მსხვილი ბრენდები, რომლებიცაა Canada Goose Holdings და Estee Lauder Companies, რომლებმაც დახურეს ადგილობრივი მაღაზიები და შეამცირეს მოგების პროგნოზები.  

"iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max მოდელებზე ძლიერი მოთხოვნაა, თუმცა, ახლა ველოდებით უფრო ნაკლებ iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ს, ვიდრე განსაზღვრული გვქონდა. ქარხანა ამჟამად მნიშვნელოვნად შემცირებული სიმძლავრით მუშაობს", - აცხადებს Apple, თუმცა შემცირების მასშტაბებს არ აკონკრეტებს.

ოქტომბერში Reuters წერდა, რომ ჟენჯოუში მოქმედი რეგულაციების გამო, iPhone-ის გამოშვება შესაძლოა, ნოემბერში 30%-ით შემცირებულიყო.

ცენტრალურ ჩინეთში მდებარე ქარხანაში, სადაც დაახლოებით 200 000 ადამიანია დასაქმებული, უკმაყოფილება გამოიწვია COVID-19-ის გავრცელების შემაკავებელმა მკაცრმა ზომებმა. ამის გამო, მუშების ნაწილი ქარხანას ტოვებს.