LIVE

თამბაქოს იმპორტიორები სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის დროულად გადავადებას ითხოვენ

20 ოქტ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 757
თამბაქოს იმპორტიორები სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის დროულად გადავადებას ითხოვენ

თამბაქოს იმპორტიორი კომპანიები პროდუქციის სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაციის დროულად გადავადებას ითხოვენ.

კომპანიებში ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ალტერნატიულ ბაზრებზე გადაწყობის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა და მომავალი წლიდან ახალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებენ.

შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრია ითხოვს, რომ პარლამენტში ინიცირებული შესაბამისი პროექტი, რომელიც აღნიშნული რეგულაციის ორი წლით გადავადებას ითვალისწინებს, სწრაფად დამტკიცდეს.

როგორც JTI-ის კორპორაციულმა დირექტორმა ივა ხასიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, იმ შემთხვევაში თუკი აღნიშნული რეგულაცია არ გადავადდება, მომავალი წლიდან ბაზარზე თამბაქოს დეფიციტი შეიქმნება, ხოლო კონტრაბანდული პროდუქციის წილი კიდევ უფრო გაიზრდება.

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩვენ სწრაფად დავიწყეთ ალტერნატიული ბაზრების მოძიება და ახლა საქართველოში თამბაქოს პროდუქცია შეუფერხებლად შემოდის. თუმცა ამ პროცესს ძალიან დიდი ძალისხმევა და ფინანსური რესურსი დასჭირდა. შესაბამისად, მომავალი წლიდან კიდევ ახალ რეგულაციაზე გადასვლა დროში ვეღარ მოესწრება. მივესალმებით, რომ პარლამენტში ამ რეგულაციის გადავადებასთან დაკავშირებული ინიციატივა შევიდა, თუმცა მისი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. მნიშვნელოვანია, შესაბამისი კანონი სწრაფად დამტკიცდეს, რათა ჩვენ შევძლოთ ბიზნესპროცესების დაგეგმვა და ახალი შეკვეთების გაკეთება. თუკი სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაცია არ გადავადდება, ეს გამოიწვევს იმას, რომ მომავალი წლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზარზე ლეგალური პროდუქცია აღარ იქნება, შეიქმნება დეფიციტი და კონტრაბანდული ნაწარმი კიდევ უფრო მომრავლდება“, - განაცხადა ივა ხასიამ.

ცნობისთვის, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მიხედვით, თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვის რეგულაცია 2023 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული რეგულაციის 2024 წლის დეკემბრამდე გადავადებასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომლის ავტორებიც უმრავლესობის დეპუტატები არიან, პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისში დარეგისტრირდა. თუმცა მისი განხილვა ამ დრომდე არ დაწყებულა.