LIVE

ალიევი: აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტის გეგმა შესაძლოა გადაჭარბებით შეასრულოს

15 ოქტ 202218:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 685
ალიევი: აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტის გეგმა შესაძლოა გადაჭარბებით შეასრულოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა შესაძლოა, 2027 წლისთვის ევროპაში გაზის ექსპორტის 18 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესახებ დაპირება გადაჭარბებით შეასრულოს. 

"რა თქმა უნდა, ძალიან მოკრძალებულები ვართ ამ ციფრებთან. მხოლოდ ისეთ მონაცემებს ვასახელებთ, რომლებშიც სრულიად დარწმუნებულები ვართ. მჯერა, რომ უფრო მეტიც გვექნება", - თქვა ალიევმა.  

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირი ცდილობს რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ივლისში ევროკომისიამ აზერბაიჯანთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც 2027 წლისთვის გაზის იმპორტის გაორმაგებას გულისხმობს. 

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსული ნაკადების დიდ მოცულობას ვერ ჩაანაცვლებს, მისი ექსპორტი მაინც მნიშვნელოვანია. თუ აზერბაიჯანი ექსპორტს გააორმაგებს, ის Nord Stream-ით ბლოკისთვის შარშან მიწოდებული გაზის 30%-ის ტოლი იქნება.   

ევროკავშირთან დადებული შეთანხმების შესრულება მილიარდობით დოლარის ინვესტიციას მოითხოვს. ეს თანხა საჭირო იქნება წარმოების გასაფართოებლად და ასევე, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობის გასაზრდელად. მილსადენების აღნიშნული ქსელი აზერბაიჯანს ევროპასთან საქართველოსა და თურქეთის გავლით აკავშირებს.  

"ამისთვის მზად ვართ და უკვე ვმუშაობთ", - ამბობს ალიევი.  

ალიევის თქმითვე, შარშანდელი 40%-იანი ზრდის შემდეგ, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ექსპორტი მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 30%-40%-ით გაიზრდება. ექსპორტის უდიდესი ნაწილი თურქეთსა და იტალიაში იგზავნება. აზერბაიჯანული გაზი საქართველოშიც შემოდის, ნაწილი კი საბერძნეთსა და ბულგარეთს მიეწოდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზულფუგარ აგაევი