LIVE

BMW-ს ელექტრო Mini-ს წარმოება ბრიტანეთიდან ჩინეთში გადააქვს

15 ოქტ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 606
BMW-ს ელექტრო Mini-ს წარმოება ბრიტანეთიდან ჩინეთში გადააქვს

BMW-ს ელექტრო Minis-ის წარმოება დიდი ბრიტანეთიდან ჩინეთის ქარხნებში გადააქვს. ამის შესახებ ინფორმაციას Times ავრცელებს. 

გერმანული ავტო მწარმოებელი ოქსფორდთან ახლოს მდებარე ქარხანაში წელიწადში დაახლოებით 40 000 ელექტრო Mini-ს აწარმოებს. გამოცემა კომპანიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთში წარმოება წლის ბოლომდე შეჩერდება. 

Mini-ს ახალმა ხელმძღვანელმა სტეფანი ვურსტმა გაზეთს განუცხადა, რომ ოქსფორდის ქარხნის მუშაობა არაეფექტური იყო, რადგან ელექტრო და შიდა წვის ძრავაზე მომუშავე მანქანებს საწარმოს ერთი და იმავე ხაზი უშვებდა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქარხანამ ელექტრომობილები გამოუშვას, მას "განახლება და ინვესტიცია" სჭირდება. ვურსტის თქმით, წარმოების ბრიტანეთში დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

გაზეთის თანახმად, BMW გააგრძელებს შიდა წვის ძრავის მქონე Mini-ის დიდ ბრიტანეთში წარმოებას. ეს მანქანები ძირითადად განკუთვნილია აშშ-ის, იაპონიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებისთვის. 

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთში BMW-ს ჰეჩბეკი და პატარა ზომის SUV ელექტრო Mini-ის მანქანები იწარმოება, ელექტრო Countryman მოდელებს BMW-ს პარტნიორი Great Wall Motor გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამოუშვებს. გამოცემის ცნობითვე, 2030 წლისთვის ყველა Mini ელექტრო იქნება.  

ელექტრო Mini-ის წარმოების ჩინეთში გადატანა უარყოფითად აისახება ბრიტანულ სტარტაპ Britishvolt-ზე, რომელიც ელექტრომობილებისთვის ბატარეებს ამზადებს. 

რამდენიმე დღის წინ Bloomberg-მა დაწერა, რომ ფირმა ბრიტანეთში მდებარე საწარმოს გაყიდვას განიხილავს. The Financial Times-ის თანახმად, ფირმას სჭირდება დაახლოებით 200 მილიონი ფუნტი ($223 მილიონი) და მოლაპარაკებებს სტრატეგიულ ინვესტორებთან აწარმოებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ბრაუნინგი