LIVE

პუტინი: ნებისმიერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხეშია

12 ოქტ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 623
პუტინი: ნებისმიერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხეშია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენებზე აფეთქებების შემდეგ, მსოფლიოში ნებისმიერი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა საფრთხეშია. 

მოსკოვში ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას მან აფეთქებებს ტერორისტული აქტი და ყველაზე საშიში პრეცედენტი უწოდა.

"ეს აჩვენებს, რომ სატრანსპორტო, ენერგეტიკისა თუ კომუნალური ინფრასტრუქტურის ნებისმიერი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი საფრთხის ქვეშაა, მიუხედავად იმისა, თუ სად მდებარეობს იგი ან ვის მიერ იმართება", - თქვა პუტინმა. 

პუტინმა დივერსიის მოწყობაში აშშ, უკრაინა და პოლონეთი დაადანაშაულა. აშშ და მისი მოკავშირეები კი ვარაუდობენ, რომ მომხდარის უკან სწორედ რუსეთი დგას. 

Nord Stream-ის გაზსადენებზე სექტემბრის ბოლოს მომხდარმა თავდასხმებმა ევროპისთვის გაზის მიწოდების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონში სხვა კრიტიკულმა ინფრასტრუქტურაც დაზიანდა, მათ შორის, ამ თვის დასაწყისში დივერსიულმა აქტმა ჩრდილოეთ გერმანიაში მატარებლის მოძრაობის შეჩერება გამოიწვია. გუშინ პოლონეთში ნავთობსადენ Druzhba-ზე გაჟონვის ფაქტი აღმოაჩინეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რუსეთმა ევროპაში გაზის მიწოდება შეამცირა. ბლოკი რუსული ბუნებრივი აირის ნაკადების მცირე ნაწილს უკრაინისა და თურქეთის გავლით კვლავ იღებს.

რუსეთი აცხადებს, რომ მზადაა ევროპაში გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მეშვეობით განაახლოს. გაზსადენის ამუშავება საჭიროებს ევროკავშირის თანხმობას, რაც არსებულ ვითარებაში ნაკლებად მოსალოდნელია. 

პუტინის თქმით, რუსეთს შეუძლია Nord Stream-ის მარაგები შავ ზღვაში გადაიტანოს და ევროპას ბუნებრივი აირი თურქეთის გავლით მიაწოდოს, თუ თურქეთი ამ იდეას დაადასტურებს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია