LIVE

ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

10 ოქტ 202217:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 527
ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით €18 მილიარდის გამოყოფას განიხილავს
Dimitar Dilkoff/AFP/Getty Images

ევროკავშირი მომავალ წელს უკრაინისთვის დამატებით დაახლოებით 18 მილიარდი ევროს ($17,5 მილიარდ) დაფინანსების გამოყოფას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკის მიერ ოთხ თვეზე მეტი ხნის წინ დამტკიცებული დახმარების პაკეტი, რომელიც მილიარდობით ევროს მოიცავს, ჯერჯერობით დაბლოკილია.  

Bloomberg-ის ინფორმაციით, ევროკომისია მუშაობს დაფინანსების ახალ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ომში მყოფი ქვეყანა ყოველთვიურად საჭირო თანხის - $3-$3,5 მილიარდს მინიმუმ ნახევრით უზრუნველყოს.  

დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, განიხილავენ თუ რა გზით დაეხმარონ უკრაინას ეკონომიკის შენარჩუნებაში. ზოგიერთმა პარტნიორმა ევროკავშირი პირდაპირ გააკრიტიკა იმის გამო, რომ სრულად ვერ შეასრულა აღებული ვალდებულება - დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ოდენობით დაფინანსების გაცემის შესახებ. 

საკითხში გარკვეული პირების თქმით, ევროკომისია დახმარების ახალ პაკეტზე ჯერ კიდევ მუშაობს და დეტალები, მათ შორის, პაკეტის მოცულობა, საბოლოო არ არის. კომისია ასევე განიხილავს თუ როგორ მოხდება ამ თანხის გაცემა, მათ შორის, დახმარების რა ნაწილი იქნება სესხი და გრანტი, რომლის დაბრუნება უკრაინას არ მოუწევს. 

წინადადება ყველაზე ადრე 18 ოქტომბრისთვის იქნება მზად, თუმცა შესაძლოა, ეს პროცესი გახანგრძლივდეს, რადგან მიმდინარეობს დისკუსიები აშშ-სთან და სხვა მოკავშირეებთან

ევროკავშირი და შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნის ჯგუფის თავმჯდომარე 25 ოქტომბერს ბერლინში უმასპინძლებს კონფერენციას, სადაც უკრაინის მხარდამჭერ ზომებს განიხილავენ.

უკრაინას ფინანსური დახმარება აქამდე განხორციელდა ე.წ. ad hoc პრინციპის საფუძველზე - შეღავათიანი სესხების მეშვეობით და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარანტიით.

მხარდაჭერის ნებისმიერი პაკეტის დამტკიცებას წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ესაჭიროება.

მომავალ წელს უცხოური ფინანსური დახმარების სახით უკრაინას დაახლოებით $38 მილიარდი სჭირდება. აშშ მზადაა ომის პერიოდში მას თვეში $1,5 მილიარდით დაეხმაროს. აშშ-ის ნებისმიერი ახალი ვალდებულების დამტკიცებას კონგრესის თანხმობა სჭირდება. 

გასულ კვირას პრაღაში დიპლომატებმა თქვეს, რომ ევროპული ქვეყნების ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაახლოებით $1,5 მილიარდი იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას დაახლოებით $19 მილიარდით დაეხმარა, რაშიც სამხედრო მხარდაჭერა გათვალისწინებული არ არის. 

ევროკავშირის დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი არსებითი საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა ძირითადი სახელმწიფო ხარჯები, სკოლები, საავადმყოფოები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ხარჯები.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ხორხე ვალერო, მილდა სეპუტიტე და ალბერტო ნარდელი