LIVE

ჰაკერებმა $568 მილიონი BNB-ის მოპარვა სცადეს

07 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
ჰაკერებმა $568 მილიონი BNB-ის მოპარვა სცადეს

Binance-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.   

კრიპტო ფირმების BlockSec-ისა და Paradigm-ის უსაფრთხოების სპეციალისტების თანახმად, ბლოკჩეინის მონაცემები მიუთითებს, რომ ორი ტრანზაქციით განხორციელებული თავდასხმის სამიზნე გახდა Binance Coin (BNB)-ის ორი მილიონი ტოკენი. არსებული კურსით, ეს დაახლოებით $568 მილიონია. 

BlockSec-ის აღმასრულებელი დირექტორის, იაჯინ ჯოუს თქმით, Binance-ის ეკოსისტემიდან დაახლოებით $87 მილიონი გაიტანა. ჰაკერმა დარჩენილი თანხის მოხსნა ვერ შეძლო, რადგან Binance Smart Chain შეჩერებული იყო. მოგვიანებით ბლოკჩეინმა მუშაობა განაახლა. დარჩენილი ტოკენები განთავსებულია ჰაკერის მიერ გამოყენებულ საფულეზე, რომელიც გაყინულია. 

მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის თანადამფუძნებელმა მილიარდერმა შანპენ ჟაომ Twitter-ზე დაწერა, რომ თავდასხმა მოხდა ბლოკჩეინების დამაკავშირებელ არხზე და პრობლემა ამჟამად აღმოფხვრილია.  

ეს შემთხვევა ემატება მიმდინარე წელს კრიპტოსამყაროსთვის არასახარბიელო მოვლენებს. კრიპტო-ჰაკერების გამო, მიმდინარე წელს დაახლოებით $2 მილიარდი დაიკარგა. ჰაკერული თავდასხმების უმრავლესობა ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს. 

თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდება ბლოკჩეინის დამაკავშირებელი არხები, რომლებიც ტოკენების გადასატანად გამოიყენება. 

BNB Chain-მა განაცხადა, რომ ის მუშაობს უსაფრთხოების სამსახურებთან მოპარული თანხების გადარიცხვების გასაყინად.

დღეს Binance Coin-ის აქციების ფასი 3.3%-ით დაეცა და ლონდონში დილის 7:40 საათისთვის დაახლოებით $284 ივაჭრებოდა. ბიტკოინის ფასი კი ცოტათი შეიცვალა და $20 000-ზე ნაკლები შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა ხარიფი და სიდჰარტა შუკლა