LIVE

ევროკავშირი გერმანიის გაზის სუბსიდირების სქემას შეისწავლის

06 ოქტ 202215:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 583
ევროკავშირი გერმანიის გაზის სუბსიდირების სქემას შეისწავლის

ევროკავშირი გეგმავს, რომ შეისწავლოს რამდენად შეესაბამება გერმანიის ბუნებრივი აირის სუბსიდირების სქემა ბლოკის წესებს. 

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ენერგიის გაზრდილი ფასისგან ადგილობრივი ბიზნესის და ოჯახების დასაცავად მასშტაბური გეგმა წარადგინა. მისი განცხადებით, ქვეყანა სესხად აიღებს Є200-მილიარდს და შექმნის ფონდს, რომელიც ბუნებრივი აირის გადასახადის სუბსიდიას უზრუნველყოფს. 

"გერმანიამ წარმოადგინა 200 მილიარდი ევროს ($198 მილიარდი) მოცულობის აბსოლუტურად გიგანტური გეგმა. უნდა შევამოწმოთ რამდენად თავსებადია ეს სახელმწიფო დახმარების წესთან", - თქვა ევროკომისარმა დღეს BFM TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ბრეტონის თქმით, ამ საკითხზე ის კონკურენციის ევროკომისართან, მარგრეტე ვესტაგერთან იმუშავებს, რათა დაადგინონ გეგმის შესაბამისობა და თანაბარი სათამაშო პირობები უზრუნველყონ. 

რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიანიშნა, რომ ეს უსამართლო უპირატესობას უქმნის გერმანულ ინდუსტრიას ევროკავშირის ღარიბ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც მსგავსი დახმარების ზომების გატარება არ შეუძლიათ.

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა თქვა, რომ გერმანიამ გეგმის შესახებ გააფრთხილა, თუმცა არ უთქვამს რა მოცულობის თანხის გამოყოფას გეგმავდა. 

რუსულ გაზზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო, გერმანიისთვის ენერგეტიკული ხარჯების ზრდა განსაკუთრებით პრობლემურია. რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება გერმანულ კომპანიებს უბიძგებთ, რომ შეამცირონ წარმოება. გერმანიაში სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც 20 წლის წინ, ქვეყანა ევროს გამოყენებაზე გადავიდა.

შოლცის განმარტებით, გერმანიაში ინფლაცია იმ ფონზე დაჩქარდა, როცა მთავრობის დროებითი დახმარების ზომები ამოიწურა და ევროპის ენერგეტიკული კრიზისი გამწვავდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი