LIVE

მასკმა ერთ დღეში $15.5 მილიარდი დაკარგა - Tesla-ს აქციები რეკორდულად დაეცა

04 ოქტ 202211:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2023
მასკმა ერთ დღეში $15.5 მილიარდი დაკარგა - Tesla-ს აქციები რეკორდულად დაეცა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება დღეში $15 მილიარდით შემცირდა, რადგან Tesla-ს აქციების ფასი, გასული ოთხი თვის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ქონება ბოლო 24 საათში 6%-ით შემცირდა და ახლა $223 მილიარდს შეადგენს.  

ბოლო სამი თვის განმავლობაში Tesla-მ მომხმარებელს რეკორდული ოდენობის - 343,830 ავტომობილი მიაწოდა, თუმცა ის მაინც ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზს - 358,000 ავტომობილს, რაც ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალია. 

Tesla-ს აქციების ფასი კი 8.6%-ით დაეცა, რაც 3 ივნისის შემდეგ მისი ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. კომპანიას ასევე ყველაზე ცუდი შედეგი ჰქონდა S&P 500 ინდექსშიც.  

"ტრადიციულად, ჩვენი მიწოდების მოცულობა ყოველი კვარტლის ბოლოს იკლებს. რამდენადაც ჩვენი წარმოების მოცულობა იზრდება, სულ უფრო რთული ხდება სატრანსპორტო შესაძლებლობების უზრუნველყოფა და გონივრულ ფასად ამ პიკური ლოჯისტიკური პრობლემის გადაჭრა კვირების განმავლობაში", - ნათქვამია Tesla-ს განცხადებაში.

მასკმა Twitter-ზე დაწერა, მისი მიზანია კვარტლებს შორის უზრუნველყოს სტაბილური მიწოდება.

საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა გუშინ ღამით ილონ მასკის რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმას, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა და აუდიტორიას ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცა. ტვიტის მიხედვით, ყირიმი რუსეთს უნდა დარჩეს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებითი რეფერენდუმი ჩატარდეს.  

მასკის იდეას მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც უკრაინელების, ასევე, დასავლელი ლიდერებისა და ანალიტიკოსების მხრიდან. 

 

მას ასევე გამოკითხვის ფორმით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მოგვიანებით მასკმა განმარტა, რომ მისმა SpaceX-მა უკრაინის მხარდასაჭერად $80 მილიონი დახარჯა და ის უკრაინის მხარდამჭერია.