LIVE

რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Eni

01 ოქტ 202216:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
რუსეთმა იტალიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა - Eni

რუსულმა Gazprom-მა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუჩერა, რაც ევროპაში არსებულ ენერგოკრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს.

რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია იტალიის უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანია Eni-მ გაავრცელა.

“Gazprom-მა გვაცნობა, რომ დღეს მოთხოვნილი გაზის მოცულობების მოწოდებას ვერ ახერხებს და აცხადებს, რომ ავსტრიის გავლით გაზის მოწოდება შეუძლებელია. ამიტომ, Eni-ს სისტემაში რუსული გაზის დღევანდელი მიწოდება ნულოვანია",- აღნიშნულია Eni-ს განცხადებაში.

ამასთან, Eni-ს სპიკერმა თქვა, რომ ავსტრია რუსეთიდან გაზს კვლავ იღებს და მიმდინარეობს მუშაობა იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა Gazprom-ის მიერ მიწოდების აღდგენა.

აღსანიშნავია, რომ იტალიისთვის მიწოდების შეწყვეტას წინ უძღოდა ბალტიის ზღვაში Nord Stream მილსადენებზე დაზიანებები. ოფიციალურმა პირებმა Nord Stream-ის ორ მილსადენზე სულ ოთხი რღვევა აღმოაჩინეს. რამდენიმე ქვეყნის მთავრობა ამტკიცებს, რომ აფეთქებები განზრახ არის გამოწვეული და დივერსიული აქტია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირი აქტიურად ცდილობს რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას. რუსეთის წილი იტალიის გაზის მთლიან იმპორტში 40% იყო, თუმცა ალტერნატივების მოძიების ხარჯზე, უკვე შემცირდა 10%-მდე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კიარა რემონდინი და ალბერტო ბრამბილა