LIVE

ADB: მიგრანტების ნაკადს საქართველოს ინფლაციაზე ზეწოლა აქვს

29 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 656
ADB: მიგრანტების ნაკადს საქართველოს ინფლაციაზე ზეწოლა აქვს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) შეფასებით, საქართველოში რუსი მიგრანტების გაზრდილ ნაკადს ინფლაციაზე ზეწოლა აქვს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კითხვის საპასუხოდ ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის და კოორდინაციის დირექტორმა განაცხადა, მიგრაციის შედეგად გაზრდილი ფასები უკვე შეიმჩნევა უძრავ ქონებაზე.  

„საქართველო პატარა ზომის ღია ეკონომიკაა და ნებისმიერი მსგავსი ტიპის შოკი დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაზე. ჩვენ ვნახეთ დიდი რაოდენობით მიგრანტების შემოდინება, მათ სადმე უნდა იცხოვრონ, იყიდონ საკვები. ამის გამო ბუნებრივია იქმნება ზეწოლა მოთხოვნაზე, ამდენი ადამიანის შემოდინება შესაძლოა განხილული იყოს როგორც შოკი მოთხოვნაზე. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს მომსახურების, ქირის, საკვების ფასებზე. როგორც გავიგე, სტუდენტები საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებშიც, უკვე დადგნენ გამოწვევის წინაშე, რადგან ბინის ქირაზე ფასები გაიზარდა. ბუნებრივია, ინფლაცია სხვა ფაქტორების გამოცაა გამოწვეული, როგორიცაა მაგალითად, მსოფლიოში გაზრდილი ფასები ენერგორესურსებზე და ნავთობზე, საქართველო ენერგორესურსების იმპორტიორი ქვეყანაა და მასზე ეს ფაქტორებიც მოქმედებს“, - განაცხადა ლიაზიზა საბიროვამ. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მიგრანტების ნაკადი კიდევ გაიზარდა ბოლო დღეებში, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ. შსს-ს თანახმად, მხოლოდ 17-26 სექტემბრის პერიოდში საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლისთვის ADB-მ საქართველოსთვის ინფლაციის პროგნოზი 11%-მდე გაზარდა. ამასთან, ქვეყანაში უკვე ერთ წელზე მეტია ორნიშნა ინფლაცია ნარჩუნდება და აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 10.9% შეადგინა.