LIVE

ლუკაშენკო ბჟანიას: სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს

28 სექ 202217:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 397
ლუკაშენკო ბჟანიას: სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა.

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბჟანიამ და ლუკაშენკომ სხვა საკითხებთან ერთად, სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.

"გუშინ ჩვენს უფროს ძმასთან, ვლადიმერ პუტინთან აფხაზეთის პრობლემები განვიხილეთ. ღამემდე ბევრი ვიმსჯელეთ და მივედით დასკვნამდე, რომ აფხაზეთი არ უნდა იყოს მიტოვებული. ჩვენც [ბელარუსები] თქვენნაირი მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვინდა, ჰარმონიაში ვიცხოვროთ. რაც შეეხება ეკონომიკას, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები ჩვენი ურთიერთობების საფუძველი უნდა გახდეს, სხვა გზა არ არის“,-განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე და დასძინა, რომ მას აფხაზეთთან არა მხოლოდ მეგობრობის ხიდის, არამედ სერიოზული ურთიერთობების დამყარება სურს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა კი გაიხსენა, რომ 1996 წლის იანვარში, დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოში, სწორედ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოვიდა ომის შემდგომი "აფხაზეთის ეკონომიკური" ბლოკადის წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის გამო ბელარუსის ელჩი დაიბარა.

უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან  და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა", - ნათქვამია განცხადებაში.