რუსეთში მობილიზაციის ბრძანებას გაქცეული რუსების მზარდი ნაკადი მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრებზე არეულობას იწვევს და პოტენციური არასტაბილურობის შესახებ შიშს ზრდის. Bloomberg ვლადიმერ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში რუსების შემოსვლის საკითხით ისევ ინტერესდება.
გამოცემა წერს, რომ რუსეთიდან მომავალი ათასობით მანქანა საქართველოს საზღვართან კილომეტრობით რიგს ქმნის.
სიტუაცია "აპოკალიფსურია, როგორც ფილმებში", - ამბობს 30 წლის ვლადიმერი. მან ცოლი და უფროსი შვილი საცობში მყოფ მანქანაში დატოვა და თავად უმცროს შვილთან ერთად, ლარსის პუნქტი ფეხით გადმოკვეთა, რადგან შიშობდა, რომ გაწვევის მქონე ასაკის პირებისთვის საზღვარი დაიკეტებოდა.
მობილიზაციის ბრძანებამ მილიონობით რუსი შოკში ჩააგდო. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადების მიუხედავად, რომ "ნაწილობრივი" მობილიზაცია 25 მილიონი რეზერვისტიდან გავლენას მხოლოდ 300 000-ზე მოახდენდა, რუსები ჩქარობენ ქვეყნის დატოვებას, რადგან გავრცელდა ცნობები ოფიციალურად გათავისუფლებული მამაკაცების გამოძახების შესახებ.
პანიკა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ითქვა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დადგმული რეფერენდუმის შემდეგ, კრემლმა შესაძლოა, გაწვევის ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრები ჩაკეტოს.
სოციალურ მედიაში ვრცელდება აეროპორტებში მამაკაცების ბრბოების ამსახველი ფოტოები, რამდენადაც გაიზარდა მოთხოვნა რეისებზე ისეთ ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები), სადაც რუსებს უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გუშინ განაცხადა, რომ, „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", რუსი მიგრანტების ზრდასთან დაკავშირებით, მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვას აპირებს.
მისი თქმით, ყაზახეთში შესული რუსების უმეტესობა იძულებულია ქვეყანა არსებული გამოუვალი სიტუაციის გამო დატოვოს. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე და უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხოება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
Bloomberg წერს, რომ ყაზახეთსა და საქართველოში ოპოზიციური ჯგუფები რუსების ნაკადის შემოდინებას აპროტესტებენ და უსაფრთხოების პოტენციურ რისკზე მიუთითებენ.
საქართველოში სოციალურ მედიაში რუსების ნაკადმა ბევრს 2008 წლის იმავე გზით შესული რუსების ტანკების კოლონა გაახსნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდეგ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ მოიმატა. შსს-ს ინფორმაციის თანახმად, ბოლო 10 დღეში საქართველოს საზღვარი 78 742-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა, თუმცა მინისტრმა განაცხადა, რომ "საგანგაშოს" ვერაფერს ხედავს.
პარლამენტის ოპოზიციური წევრი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ რუსების შესვლა სხვა არაფერია, თუ არა ანექსია ტანკების გარეშე.
რუსების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით, დღეს ლარსის სასაზღვრო პუნქტთან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანაში 98 000 რუსი შევიდა. დაახლოებით 64,000 კი სხვა მიმართულებით გაემგზავრა.
მას შემდეგ, რაც ბალტიის ქვეყნებმა და პოლონეთმა რუსების უმრავლესობას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ფინეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსებს სახმელეთო გზით გადასვლა შეუძლიათ. გასულ კვირასთან შედარებით, ფინეთში სამშაბათს სახმელეთო გზით ორჯერ მეტი რუსი შევიდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰელენა ბედველი და ნარიმან გიზიტდინოვი