LIVE

მობილიზაცია რუსეთის ეკონომიკას სუსტ წერტილებში ურტყამს

01 ოქტ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
მობილიზაცია რუსეთის ეკონომიკას სუსტ წერტილებში ურტყამს

მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის ორ სუსტ წერტილს ურტყამს.  

ბრძანების გამო, ყოველი ასიდან ერთი ადამიანი იძულებული ხდება, რომ სამსახურს მოსწყდეს იმისათვის, რომ ფრონტზე წავიდეს. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია, ხოლო მობილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობის ნაწილი საზღვარგარეთ გადის, მოსალოდნელია, ჩასანაცვლებელი კადრის მოძიება ადვილი არ იქნება. 

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მობილიზაცია მომხმარებელთა განწყობაზე ძლიერ ნეგატიურ შოკს მოახდენს. სავარაუდოდ, შემცირდება ნაკლებად საჭირო შესყიდვები და მოთხოვნა. Renaissance Capital-ის ეკონომისტის, სოფია დონეცის თქმით, ეს მიმდინარე წელს ეკონომიკას დაახლოებით 0,5%-ით შეამცირებს.

Bloomberg Economics-ის პროგნოზით, გამოძახება გააღრმავებს ეკონომიკის ვარდნას და დააჩქარებს ინფლაციას.  

"მეტიც, ეს შედეგები, სავარაუდოდ, გაგრძელდება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში", - ამბობს რუსი ეკონომისტი ალექსანდრე ისაკოვი. 

Locko Invest-ის უფროსმა სტრატეგმა, დმიტრი პოლევოიმ 27 სექტემბერს გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მიმოიხილავს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს საომარი მდგომარეობის შემოღება ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ოფიციალურად ასეთი მდგომარეობის გამოცხადებას არ აპირებს. 

კვლევის მიხედვით, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ ვარდნას და უფრო დიდ დარტყმას მიაყენებს სახელმწიფოს ფინანსებს. ის ასევე მიუთითებს სახელმწიფოს მიერ კომპანიების შესაძლო ხელში ჩაგდებასა და მრავალჯერადი გაცვლითი კურსის შემოღებაზე.

შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კომპანიები უკვე ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ თავიანთი თანამშრომლების გაწვევას. სამთავრობო რეგულაციები ზოგიერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასაქმებულისთვის გამონაკლისის დაშვებას ითვალისწინებს, მაგრამ ეს მექანიზმი ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა, რადგან პუტინმა მობილიზაცია სასწრაფოდ გამოაცხადა. რუსეთის მთავარმა ბიზნეს ასოციაციამ მთავრობას გუშინ მიმართა თხოვნით, რომ გამონაკლისების სია გაფართოვდეს.

წინააღმდეგობა ბიზნესთან

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის რეგიონების ეკონომიკის სპეციალისტი, ნატალია ზუბარევიჩი ამბობს, რომ ხელისუფლებამ დაიწყო სიტუაციის სერიოზულობის გაცნობიერება. მისი თქმით, გაწვეულთა უმეტესობა, სავარაუდოდ, სოფლებიდან მოდის, რაც სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო სექტორებს შეეხება.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალტექნოლოგიური ბიზნესის თანამშრომლები სამხედრო სამსახურში არ უნდა გამოეძახებინათ, აღმოჩნდა, რომ ბევრი მათგანი გამოძახებულია. გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ კომპანიების ნაწილს, საკუთარი თანამშრომლები დაქირავებული თვითმფრინავებით გაჰყავს. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა გაწვეულთა ოჯახებს შეღავათებს ჰპირდება, მიმდინარე მოვლენები კიდევ უფრო მძიმედ აისახება მომხმარებლებზე იმ ფონზე, როცა მთავრობა გადასახადებს ზრდის. 

ზუბარევიჩის თქმით, გრძელვადიანი მობილიზაცია და ომის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვის ზრდა შეამცირებს სამუშაო ასაკის რუსების ისედაც მცირე კოჰორტას.

"მთავარი არ არის დასაქმებულების დაკარგვა, ეს არის "ტვინების" გადინება. ადამიანები, რომლებიც მიდიან, როგორც წესი, უფრო მდიდრები, განათლებულები არიან. ცარიელი საფულით ვერ გაიქცევით", - ამბობს მკვლევარი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია