LIVE

აგვისტოში დაკრედიტება 1 მლრდ 13 მლნ ლარით გაიზარდა - სებ

27 სექ 202211:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 436
აგვისტოში დაკრედიტება 1 მლრდ 13 მლნ ლარით გაიზარდა - სებ

2022 წლის აგვისტოში, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, 1.13 მლრდ ლარით (2.68%-ით) გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 43.21 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გაზრდილია როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა. კერძოდ, აგვისტოში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 422.71 მლნ ლარით (1.86%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 706.90 მლნ ლარით (3.64%-ით) გაიზარდა.

აგვისტოს ბოლოს, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.87 მლრდ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.

გასული თვის განმავლობაში 2.90%-ით, ანუ 646.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 22.99 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 53.44% იყო. მონაცემები 2022 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით 0.43 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3.00 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე.

აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 777.43 მლნ ლარით, ანუ 4.99%-ით გაიზარდა. 2.22 მლრდ ლარით, ანუ 9.58%-ით გაიზარდა მოთხოვნამდე დეპოზიტები.

ეროვნული ბანკის განცხადებით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 41.91% შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.18 პროცენტული პუნქტით შემცირდა. 

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.13% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.05%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.21%, ხოლო ევროს წილმა 16.39% შეადგინა.

ცნობისთვის, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 4.3 მლრდ ლარით, ანუ 6.7%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს 68 მლრდ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების სააქციო კაპიტალი 8.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც მათი მთლიანი აქტივების 12.6%-ია.