LIVE

იანვარ-ივლისში მსოფლიო ტურიზმი 60%-ით აღდგა - UNWTO 

28 სექ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 449
იანვარ-ივლისში მსოფლიო ტურიზმი 60%-ით აღდგა - UNWTO 

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) განახლებული მონაცემებით, პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით იანვარ-ივლისში მსოფლიო ტურიზმი 60%-ით აღდგა. ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა.

საერთო ჯამში, 2022 წლის იანვარ-ივლისში, მსოფლიოს მასშტაბით 474 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი გასულ წელს მხოლოდ 175 მილიონს შეადგენდა. გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობაც. 

ტურიზმის აღდგენის ყველაზე სწრაფი ზრდა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში დაფიქსირდა, სადაც ვიზიტების რაოდენობა 2019 წლის შესაბამისად 74% და 76%-იან აღდგენას აჩვენებს. ხოლო, 2021 წელთან შედარებით ევროპაში საერთაშორისო ვიზიტები თითქმის გასამმაგებულია.

ტურიზმის აღდგენას ორგანიზაცია პანდემიის შემდეგ მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდითა და შეზღუდვების შემსუბუქებით ხსნის. თუმცა როგორც UNWTO-ს გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი აღნიშნავს, სექტორში რამდენიმე გამოწვევა მაინც რჩება. 

"ტურიზმი აგრძელებს სტაბილურად აღდგენას, თუმცა რამდენიმე გამოწვევა მაინც რჩება. მათ შორისაა გეოპოლიტიკური ვითარება და ეკონომიკური მდგომარეობა",- აღნიშნავს ზურაბ პოლოლიკაშვილი.