LIVE

9,600 ლარზე მაღალ ხელფასს 34.8%-ით მეტი მოქალაქე იღებს - PMC

26 სექ 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
9,600 ლარზე მაღალ ხელფასს 34.8%-ით მეტი მოქალაქე იღებს - PMC

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წლიურად 34.8%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9,600 ლარზე მეტს იღებდნენ. 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა 77.3%-ია. PMC-ის დასაქმების თრექერის თანახმად, აგვისტოში 9,600 ლარზე მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 1.8%-ს ჰქონდა.   

კვლევამ აჩვენა, რომ გასულ თვეში დასაქმებულთა 23%-ის ხელფასი 600 ლარამდე იყო, რაც 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.  

რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლების ხელფასიც 2,400 ლარს აღემატებოდა, აგვისტოში მათმა რაოდენობამ 19.5% შეადგინა. მაჩვენებელი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით კი, 6.4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აგვისტოში ხელფასს იღებდნენ, წლიურად, 3.5%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.7%-ით გაიზარდა.

2022 წლის მეორე კვარტლის შრომის ბაზრის ინდიკატორები ასე გამოიყურება:

  • სამუშაო ძალა - 1 551 500 ადამიანი;
  • დასაქმებული - 1 269 900 ადამიანი;
  • დაქირავებით დასაქმებული - 867 900 ადამიანი;
  • თვითდასაქმებული - 401 200 ადამიანი;
  • უმუშევარი - 281 600 ადამიანი;
  • სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე - 51.5%;
  • დასაქმების დონე - 42.2%;
  • უმუშევრობის დონე - 18.1%. 

PMC-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2022 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე 39,984 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%-ით, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 197%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში 11,757 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 8,286 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, 13,772 ვაკანსია კი - ლოგისტიკა/ტრანსპორტი/დისტრიბუციის კატეგორიაში.