მთავრობა სამივლინებო თანხის ლიმიტებს ზრდის. კერძოდ, ქვეყნის შიგნით მივლინების ლიმიტი 15 ლარის ნაცვლად 30 ლარი იქნება.
ამასთან, საშუალოდ 37%-ით გაიზრდება ქვეყნის გარეთ დღიური სამივლინებო ლიმიტი.
„ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის განსაზღვრული იყო 15 ლარიანი ლიმიტი, ეს ნორმა გაორმაგდება. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა დაკორექტირდება და შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ერთიან სტანდარტთან. მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებები. ქვეყნების მიმართულებით, საშუალოდ 37%-იანი ზრდა იქნება. ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, გამომდინარე იქიდან თუ რა ოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნის გარეთ დღიურ ნორმებთან მიმართებაში ძირითადად 3 კატეგორია იქნება: 45 დოლარის, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაიხედება სასტუმროს ნორმები და დაახლოებით იგივე პროცენტით გაიზრდება.
„ბუნებრივია, ეს ნორმები იარსებებს როგორც საჯარო სექტორისთვის, ისე კერძო სექტორისთვის. კერძო სექტორთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, თუ რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. სწორედ ამ ნორმებზე, ამ ოდენობით გავრცელდება საგადასახადო შეღავათი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.