LIVE

4 სახეობის პური 10 თეთრით გაიაფდა - „იფქლი დიღომი"

22 სექ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 898
4 სახეობის პური 10 თეთრით გაიაფდა - „იფქლი დიღომი"

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, კომპანია „იფქლი დიღომმა“ პურის ფასი 10 თეთრით შეამცირა. მისი განმარტებით, მწარმოებელს ამის შესაძლებლობა ფქვილზე ფასის კლების შედეგად მიეცა.

მალხაზ დოლიძის თქმით, საქართველოში პურზე არსებული ფასი ახალ წლამდე შენარჩუნდება.

„იმპორტირებული ფქვილის პარალელურად, ქვეყანაში წისქვილების ამუშავების შედეგად, გვაქვს ადგილობრივი წარმოების ფქვილი. შესაბამისად, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 80 ლარიდან 72-73 ლარამდე გაიაფდა.  

ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობ, პურზე არსებული ფასი ახალ წლამდე შენარჩუნდება“, - განუცხადა „ბიზნეს ფორმულას“ მალხაზ დოლიძემ.

„იფქლი დიღომის“ მარკეტინგის მენეჯერმა სოფო ბედიაშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფასი 4 სახეობის პურზე შემცირდა. მისი განმარტებით, პროდუქცია მაღალი ხარისხის სეგმენტს მიეკუთვნება. 

„ეს იყო მაქსიმუმი, რისი დაკლებაც შევძელით. 4 სახეობის პური, რომლებზეც ფასი შემცირდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიაა, რადგან პროფილაქტიკური მოხმარების, ჯანსაღი პროდუქტია. ეს პროდუქცია ყველაზე მაღალ ხარისხს მიეკუთვნება და მას განსაკუთრებული მომხმარებელი ჰყავს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკური მოხმარების პროდუქტი კვების რაციონში იყოს. ფასის შემცირების მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ასეთი პროდუქტი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა“, - განაცხადა სოფო ბედიაშვილმა.