LIVE

თურქეთში ორმა უმსხვილესმა ბანკმა რუსული Mir ბარათების გამოყენება შეაჩერა

20 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
თურქეთში ორმა უმსხვილესმა ბანკმა რუსული Mir ბარათების გამოყენება შეაჩერა

თურქეთში ორმა უმსხვილესმა ბანკმა რუს ტურისტებში პოპულარული Mir-ის ბარათების მიღებაზე უარი თქვა. 

კერძოდ, Turkiye Is Bankasi-მა, რომელიც Isbank-ის სახელითაა ცნობილი და საამიროების NBD ბანკის ადგილობრივმა ერთეულმა Denizbank-მა რუსული გადახდის სისტემის გამოყენება შეაჩერეს.   

ბანკებმა ეს გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ფინანსური ინსტიტუტები გააფრთხილა არ დადონ ახალი ხელშეკრულებები და არ გააფართოონ არსებული პირობები Mir ბარათების რუსულ ოპერატორთან.

სამი სხვა თურქული ბანკი აგრძელებს Mir-ის გადახდის სისტემასთან მუშაობას.

თურქეთს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის საპასუხოდ რუსული ინსტიტუტების მიმართ სანქციები არ დაუწესებია. 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 5 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემა ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას. 

ამავე დროს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერმა ურთიერთობის გაღრმავების პირობა დადო და შეთანხმდა, რომ თურქეთი ენერგიის საფასურს ადგილობრივ ვალუტაში გადაიხდის. 

თურქეთის ზოგიერთი დასავლელი მოკავშირე შეშფოთებულია იმის გამო, რომ ანკარა შესაძლოა, მოსკოვთან ზედმეტად დაახლოვდეს და ეს ცუდი მაგალითი აღმოჩნდეს თურქული ბიზნესისთვის. აშშ-ის ხაზინამ თურქული კომპანიები გააფრთხილა, რომ რუსულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობა სანქციებს გამოიწვევს.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერდოღანი ცდილობს დაიცვას ბალანსი. თურქეთმა  შუამავლის როლი იკისრა და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გადაზიდვის განახლების პროცესში ჩაერთო.    

ანკარა კიევს შეიარაღების გაძლიერებაშიც დაეხმარა. პარალელურად კი პუტინს საჯაროდ იცავდა სანქციებისგან. ერდოღანის უკრაინასთან ურთიერთობამ, მათ შორის, დრონების მიწოდებამ, მოსკოვი გააღიზიანა, მაგრამ ანკარა კვლავ რჩება პუტინის მთავარ პარტნიორად, რადგან საერთაშორისო სანქციები რუსეთს ვაჭრობისა და ინვესტიციების სხვა გზებს უკეტავს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ასლი კანდემირი