
კრიპტოვალუტების ფასის დღევანდელმა კლებამ ბიტკოინი 2020 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოიყვანა. უდიდესი ტოკენი მონეტარული პოლიტიკის სავარაუდო გლობალური გამკაცრების ტალღის მოლოდინში, დღეს 7.4%-ით შემცირდა და ლონდონში დილის 07:45 საათზე $18,300 შეადგინა.
ეთერიუმის ფასი 6.2%-მდე შემცირდა. მას $1300-იანი ნიშნულის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწია. კიდევ უფრო მძიმე დანაკარგები ჰქონდათ ისეთ ტოკენებს, როგორებიცაა XRP და Polkadot.
ინვესტორები ცვლილებებისთვის ემზადებიან, რამდენადაც, სავარაუდოდ, ამ კვირაში, ფასების ზრდის დასაპირისპირებლად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ივნისის შუა რიცხვებიდან ეთერიუმის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც სისტემის განახლებით იყო გამოწვეული, შეჩერდა.
ყველაზე დიდი ვარდნა ჰქონდა XRP-ს, რომელიც 13.5%-ით შემცირდა იმ ფონზე, როცა Ripple Labs და აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია (SEC) დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას ითხოვენ Ripple-თან ასოცირებული ტოკენის, XRP-ის სასამართლო საქმეზე. მარეგულირებელმა კომპანიის ორ აღმასრულებელს კრიპტოვალუტა XRP-ის გაყიდვის წესების დარღვევისთვის უჩივლა.
ციფრული ტოკენების საბაზრო ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში $70 მილიარდზე მეტად შემცირდა და $941 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2021 წელს დაფიქსირებულ $3-ტრილიონიან პიკურ მაჩვენებელს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინჯერი და სიდჰარტა შუკლა