LIVE

ხმაურის თავიდან ასაცილებლად, British Airways ელისაბედ II-ის დაკრძალვის დღეს 100 ფრენას აუქმებს

18 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 440
ხმაურის თავიდან ასაცილებლად, British Airways ელისაბედ II-ის დაკრძალვის დღეს 100 ფრენას აუქმებს

British Airways ორშაბათს ლონდონის ჰითროუს ბაზიდან 100 ფრენას აუქმებს, სხვა რეისებს კი დროს უცვლის, რადგან აეროპორტი, ავიაკომპანიები და საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლები ცდილობენ, დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვის დროს ხმაური მინიმუმამდე შეამცირონ. 

აეროპორტის თანახმად, ორშაბათს დაგეგმილი რეისების დაახლოებით 15%-ის განრიგი იცვლება. ფრენები დღის განმავლობაში სხვადასხვა ხანგრძლივობით შეჩერდება.

გასვენების ბოლოს ორწუთიანი დუმილის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, დილის 11:40 საათიდან 12:10 საათამდე, 30 წუთის განმავლობაში, თვითმფრინავების მოძრაობა სრულად აკრძალულია. 13:45 საათიდან, 35 წუთის განმავლობაში, დედოფლის ნეშტის მსვლელობისას, რეისების მიღება შეჩერდება. 

15:05 საათიდან, თითქმის ორი საათით, აიკრძალება თვითმფრინავების აფრენა, რადგან ამ დროს კორტეჟი მიუახლოვდება უინძორების სასახლეს, რომელიც დედოფლის საბოლოო განსასვენებელი ადგილი იქნება. ფრენების შეზღუდვა გაგრძელდება საღამოს 9 საათამდე, ცერემონიალის დასრულებამდე.

დაზარალებულ მგზავრებს British Airways ალტერნატიულ სერვისს ან თანხის დაბრუნებას სთავაზობს. 

ჰითროუ ასევე სთხოვს მგზავრებს, ერთწუთიანი დუმილით, დედოფალს პატივი მიაგონ კვირას, 20:00 საათზე. გასვენების დროს აეროპორტის არააუცილებელი პროდუქციის მაღაზიები დაიკეტება. ტერმინალების ეკრანების მეშვეობით, მგზავრებს ცერემონიალის ყურება შეეძლებათ. 

ელისაბედ II 96 წლის ასაკში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. 10-დღიანი გლოვის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ. 

დაკრძალვის დღეს ბრიტანეთში მუშაობას აჩერებს ბიზნესის ნაწილი. McDonald's 19 სექტემბერს პატივისცემის ნიშნად დიდ ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს დახურავს. სწრაფი კვების გიგანტის განცხადებით, კომპანიის 1,300 ობიექტი, ისევე როგორც მიტანის სერვისი, მუშაობას 17:00 საათზე განაახლებს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდჰარტ ვიკრამ ფილიპი