LIVE

რუსული დიზელით დატვირთული გემი, რომელიც ფოთის პორტში შემოვიდა, სანქცირებული არაა - RS

17 სექ 202214:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 587
რუსული დიზელით დატვირთული გემი, რომელიც ფოთის პორტში შემოვიდა, სანქცირებული არაა - RS

შემოსავლების სამსახური ფოთის პორტში 16 სექტემბერს რუსეთის პორტიდან შემოსულ, რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გემი CALLIOPE დატვირთული იყო ტრანზიტული დიზელით (4 044 ტონა), რომლის მიმღები სომხური კომპანიაა. შემოსავლების სამსახურის თანახმად, გემი და მისი მფლობელი კომპანია, ასევე ტვირთი სანქცირებული არაა, ამიტომ ტვირთი დაიცალა და ტრანზიტის პროცედურაში მოექცა.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“,- აღნიშნულია განცხადებაში.