Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა, პრემიუმ სეგმენტში მაჩვენებელი 153%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი ზრდა 11%-ია.
ფასები გაზრდილია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებზე. კერძოდ, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 13%-ით გაიზარდა ქალაქის ფართო ცენტრში - გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 9% და 16%-ით. ძველ ბინებს რაც შეეხება, ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში 12%-იანი ზრდა ფიქსირდება, ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა.
აგვისტოში თბილისში 3,689 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 26%-ით მეტია. ბაზრის ზომა 44%-ით, 190 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ახალ პროექტებში ტრანზაქციების 35%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში თბილისში ქირის ფასიც გაზრდილია. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, აგვისტოში თბილისში ბინის ქირის ფასი წლიურად 79%-ით გაიზარდა და 1 კვადრატულ მეტრზე $8.9 შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ქირა 8%-ითაა გაძვირებული.