LIVE

Grindr-ის აღმასრულებელ დირექტორად წარმოშობით ქართველი ჯორჯ არისონი დაინიშნა - Bloomberg

14 სექ 202217:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 775
Grindr-ის აღმასრულებელ დირექტორად წარმოშობით ქართველი ჯორჯ არისონი დაინიშნა - Bloomberg

ლგბტქ+ საზოგადოების კავშირებზე ორიენტირებული აპლიკაცია Grindr-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორად წარმოშობით ქართველი ჯორჯ არისონი დაინიშნა. 

არისონი ერთ-ერთია იმ რამდენიმე გეი მამაკაცს შორის, რომელიც საჯარო კომპანიას ხელმძღვანელობს და სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად საუბრობს. 

44 წლის არისონი, ავტო ელექტრონული კომერციის ბაზრის Shift Technologies-ის თანადამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. ის Grindr-ში მუშაობას 19 ოქტომბერს დაიწყებს. შემოდგომის ბოლოს, Grindr საფონდო ბირჟაზე ლისტინგის პროცესის მეშვეობით, $2.1-მილიარდიანი გარიგებით, საჯარო კომპანიად გახდომასაც გეგმავს. 

არისონისთვის ახალ პოზიციაზე დანიშვნა მოულოდნელი იყო. ამ წლის დასაწყისში, ის დასვენებას და ახალი კომპანიის შექმნაზე ფიქრს გეგმავდა. 

Grindr-მა ასევე დაასახელა ვანა კრანცი თავის ახალ მთავარ ფინანსურ ოფიცრად. კრანცი სატრანსპორტო და გადახდების კომპანია Passport Labs-ის ამჟამინდელი ფინანსური დირექტორია. ის ადრე ამ თანამდებობაზე Disney Streaming Services-ში მუშაობდა. კრანცი Grindr-ს 26 სექტემბერს შეუერთდება. 

საკადრო ცვლილებები ადრე გამოცხადებული გარდამავალი გეგმის ნაწილია. ცნობილია, რომ ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბონფორტი და ფინანსური დირექტორი გარი შეი კომპანიაში მრჩევლების პოზიციებზე გადავლენ.  

"მცირე გუნდში, რომელიც Grindr-მა 2020 წლის ივნისში შეიძინა, ყველას გვესმოდა, რომ მას ჰქონდა პოტენციალი ყოფილიყო საოცარი ბიზნესი, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნებოდა ლგბტქ+ საზოგადოების მომსახურებაზე.  

გეგმის არსი იყო გვეპოვა ლიდერი, რომელსაც ექნებოდა არა მხოლოდ ღრმა პროფესიული გამოცდილება, არამედ ცხოვრებისეულიც, რათა მისთვის გასაგები ყოფილიყო გლობალური ლგბტქ+ საზოგადოების წინაშე მდგარი უნიკალური და ძალიან რეალური გამოწვევები", - თქვა ბონფორტმა. 

მიუხედავად იმისა, რომ Grindr-ის კონკურენტები Match Group, Tinder და Bumble LGBTQ+ საზოგადოების მიმართ მეგობრულები არიან, ის თემში ყველაზე დიდი და ცნობილი აპლიკაციაა. მას 11 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მათგან თითქმის 80% 35 წელზე ახალგაზრდაა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ ტობინი