LIVE

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის დასაცავად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

09 სექ 202218:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1018
ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის დასაცავად ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

კიმ ჩენ ინმა გააფართოვა პირობები, რა დროსაც ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. ახალი კანონით, თუ მის მმართველობას საფრთხე დაემუქრება, ეს ავტომატურ შეტევას გამოიწვევს. 

კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი ფხენიანში უზენაესმა სახალხო კონგრესმა დაუჭირა. ახალი კანონი ითვალისწინებს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ხუთ პირობას, მათ შორის სახელმწიფო ლიდერებზე თავდასხმებს და კონფლიქტის "გაფართოების ან გაჭიანურების" თავიდან აცილებას. 

კანონმდებლობა ასახავს კიმის მიერ აპრილში ჩამოყალიბებულ უფრო მსუბუქ ბირთვულ დოქტრინას. მაშინ მან თქვა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს ომების შეკავების გარდა, აქვთ კიდევ "მეორე მისია". როგორც ჩანს, ცვლილება მიზნად ისახავდა თავად კიმის დაცვას, რომლის ადმინისტრაცია დიდი ხანია ადანაშაულებს აშშ-სა და სამხრეთ კორეას ფხენიანში რეჟიმის შეცვლის განზრახვაში.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბირთვულ არსენალზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დაჰპირდა, რომ იმუშავებს ნახევარკუნძულის სრულ "დენუკლეარიზაციაზე."

ჩრდილოეთ კორეა ამ დრომდე უარყოფს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწოდებებს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს. 

გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ასევე მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეას, რომ უარი თქვას ბირთვული იარაღის გამოცდაზე.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოები აპირებენ გააძლიერონ თავიანთი არსენალი მომდევნო ათწლეულში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იარაღის რაოდენობა გასულ წელს შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ კიმი