საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტი, ნიკა ნანუაშვილი საპოლიციო გამოსახლების შესახებ კანონის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, არსებული კანონი მხოლოდ მობინადრეთა ინტერესებზეა მორგებული.
როგორც ნანუაშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, საპოლიციო გამოსახლების გაუქმება თავიდანვე არასწორი და გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, რამაც გამქირავებლები მნიშვნელოვნად დააზარალა და არაკეთილსინდისიერ მობინადრეებთან ყოველგვარი ბერკეტის გარეშე დატოვა.
"სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილება ცალსახად არასწორი იყო. ჩვენ ამის თაობაზე თავიდანვე მივუთითებდით, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთ, ასევე საჯაროდ. ერთადერთი მარტივი გამოსავალი, ძველი კანონის ფორმულირებაა. ის მუხლი, რომელიც შეიცვალა უნდა დაბრუნდეს. მესაკუთრეებს უნდა შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად აღადგინონ საკუთარი შელახული უფლებები",- განაცხადა ნიკა ნანუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რუს და ბელარუს მიგრანტთა დიდი ტალღა შემოვიდა, მათ მასიურად დაიწყეს უძრავი ქონების ქირაობა. შემთხვევები, როდესაც მობინადრეები ქირას არ იხდიან და არც ბინის ტოვებენ კიდევ უფრო გახშირდა.
ცნობისთვის, საპოლიციო გამოსახლების წესის შესახებ კანონი 2015 წელს გაუქმდა, რათა მომხდარიყო იპოთეკარების ინტერესების დაცვა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკებს აღარ შესძლებოდათ პოლიციის ძალით მათი ბინებიდან გამოსახლება. შესაბამისად, თუ მანამდე მოქმედი ნორმის მიხედვით, მესაკუთრეს მისი კუთვნილი უძრავი ნივთის მფლობელის (რომელსაც მფლობელობის უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი არ გააჩნია) გამოსახლების მოთხოვნით შეეძლო პოლიციისთვის მიემართა, ამ ნორმის გაუქმების შემდეგ, მესაკუთრეს იმავე შედეგის მისაღწევად სასამართლოს გადაწყვეტილება ესაჭიროება.