LIVE

ივანიშვილი Credit Suisse-სგან $607.3 მილიონის მიღებას 5 სექტემბრამდე ელის

28 ივლ 202211:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1249
ივანიშვილი Credit Suisse-სგან $607.3 მილიონის მიღებას 5 სექტემბრამდე ელის

CS Victims საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელით შვეიცარიულ ბანკთან დავაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის მხარის თანახმად, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილმა CS Life-მა ივანიშვილს $607,35 მილიონი 42 დღის განმავლობაში უნდა გადაუხადოს.

თანხა დამოუკიდებელ ანგარიშზე შეინახება CS Life-ის საჩივრების გადაწყვეტამდე, რის შემდეგაც მოსარჩელეებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, ზარალის საბოლოო ოდენობას გადაუხდიან.  

სასამართლოს მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, CS Life პასუხისმგებელია თაღლითობისა და ანგარიშების არასწორად მართვის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიუღებლობის გამო. განცხადების თანახმად, ივანიშვილს ბანკისგან $1,2 მილიარდზე მეტი ოდენობის ზარალი მიადგა. 

21 ივნისის მოსმენაზე CS Life ამტკიცებდა, რომ არ ეკისრება თანხის გადახდის ვალდებულება, სანამ არ ამოიწურება გასაჩივრების ყველა გზა და ეყრდნობოდა Credit Suisse-ის გარანტიას, როგორც საკმარის უზრუნველყოფას.  

მთავარმა მოსამართლემ ჰარგანმა არ დააკმაყოფილა განაცხადი და დაეყრდნო გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ქცევის ორგანოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, Credit Suisse განთავსდა იმ ფინანსური ინსტიტუტების სიაში, რომლებიც საჭიროებენ უფრო მკაცრ ზედამხედველობას კულტურის, მმართველობისა და რისკების კონტროლის საკითხების შეუსრულებლობის გამო. 

გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსარჩელეებს არ უნდა მოეთხოვოთ Credit Suisse-ის “საკრედიტო რისკის” აღება და დადასტურდა მოსარჩელეთა “გონივრული შიში, რომ CS Life და ბანკი ნებაყოფლობით ვერ შეასრულებდნენ გარანტიის პირობებს”.  შედეგად, CS Life-ს დაევალა 42 დღის განმავლობაში გადაიხადოს ზიანის სრული ოდენობა.

ივანიშვილის წარმომადგენლის თანახმად, სასამართლომ ასევე უარყო CS Life-ის მოთხოვნა, რომ კომპენსაცია შემოიფარგლებოდეს მომჩივანთა საკუთარ ანგარიშებზე არსებული აქტივებით. განცხადების თანახმად, სასამართლომ დაადგინა “პროცესუალური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება”. მთავარი მოსამართლე ჰარგუნი ეჭვქვეშ აყენებს ამ განცხადების შეტანის ვადას - “პროცესის დაწყებიდან თითქმის 5 წლის და გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 კვირის შემდეგ”. შედეგად, CS Life ვალდებულია გადაიხადოს კანონიერი დავალიანების სრული თანხა მისი გენერალური ანგარიშიდან.

ამასთან, მოსარჩელეებს აუნაზღაურდებათ შუალედური გადასახადი $10 მილიონზე მეტი იურიდიული მოსაკრებლის სახით, რომელიც 42 დღის განმავლობაში დაიფარება. 

“გადაწყვეტილება კატეგორიულად უარყოფს Credit Suisse-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მცდელობებს, თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა მათი პერსონალის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებებისთვის. CS Life-ის ცინიკური მცდელობა, შეეზღუდა ზიანის ანაზღაურება დაზარალებულთა ანგარიშებისთვის, სასამართლომ სამართლიანად უარყო და აჩვენა ბანკის უპატივცემულობა საკუთარი კლიენტების მიმართ. ის ფაქტი, რომ ბანკის გარანტია სასამართლომ არ მიიჩნია ადეკვატურად, მიუთითებს იმ პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას Credit Suisse ამჟამად და რა ზიანი მიდგა მათ მის რეპუტაციას და ზოგადად შვეიცარიულ საბანკო საქმიანობას. ჩვენ ველოდებით სასამართლო დავალიანების სრული ოდენობის გადახდას 5 სექტემბრამდე”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა.

ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse Group-ს მისი ბანკირის თაღლითობის გამო უჩივლა, ნაწილობრივ CS Life-ის დაუდევრობის გამო. მარტში ბერმუდას სასამართლომ დაადგინა, რომ CS Life-მა პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობის პრევენციისთვის ადეკვატური ზომები არ მიიღო, რადგან მისთვის უფრო პრიორიტეტული იყო შემოსავლები, რომლებსაც ლესკოდრონი გამოიმუშავებდა, ვიდრე კლიენტების ინტერესები.

გასულ თვეში Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, CS Life Bermuda-მ კანონმდებლობაში არსებული ხვრელის გამოყენებით, შესაძლოა, დაკისრებული კომპენსაცია საერთოდ არ გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავა აქვს. ბანკთან დაპირისპირების ახალი ეპიზოდი ბანკის ტრასტის მიერ ბიძინა ივანიშვილის თანხების გადარიცხვების შეფერხებებს უკავშირდება. კერძოდ, ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, რომ სანქციების დაწესებაზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი ხსენების გამო, ტრასტი სასამართლოს თანხმობის გარეშე, ტრანზაქციებს აღარ შეასრულებს. ამის გამო ივანიშვილი ბანკს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და ბანკთან არსებულ პრობლემებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.