LIVE

გერმანიის 9 ევროიანი სატრანზიტო ბილეთი CO2-ის გამოყოფას 1,8 მილიონი ტონით ამცირებს

02 სექ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
გერმანიის 9 ევროიანი სატრანზიტო ბილეთი CO2-ის გამოყოფას 1,8 მილიონი ტონით ამცირებს

უკვე სამი თვეა, გერმანია მომხმარებლებს ყველა საგარეუბნო მატარებლის, მეტროს, ტრამვაისა და ავტობუსის ყოველთვიურ ულტრა იაფ ბილეთებს სთავაზობს. სქემა დაინერგა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წახალისების, ინფლაციის ტვირთისა და ენერგიის ხარჯების შესამსუბუქებლად.

როგორც ჩანს, გეგმამ იმუშავა. VDV-ის, გერმანიის წამყვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ორგანიზაციის მონაცემებით, 52 მილიონზე მეტმა ადამიანმა იყიდა ბილეთები 9 ევროდ, ხოლო ავტომობილების ნაკლებმა გამოყენებამ ნახშირბადის გამონაბოლქვი 1,8 მილიონი ტონით შეამცირა.

“9 ევროიანმა ბილეთმა არა მხოლოდ შეუმსუბუქა მოქალაქეებს ფინანსური მდგომარეობა, არამედ აშკარად დადებითი გავლენა იქონია კლიმატზე”, - თქვა VDV-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ვოლფმა.

იაფი ბილეთების შემოღების შემდეგ, ქალაქებში ჰაერის ხარისხის შესამჩნევი გაუმჯობესება დაფიქსირდა. პოტსდამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იაფი ბილეთების შემოღების შემდეგ ჰაერის დაბინძურების დონე 7%-ით დაეცა.

“ჩვენს დასკვნებს შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა პოლიტიკასა და ჯანმრთელობაზე: ისინი აჩვენებენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუბსიდირება შეიძლება იყოს ეფექტური ვარიანტი ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, განსაკუთრებით ქალაქებში, რაც ხელს შეუწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზანს უფრო მდგრადი, უსაფრთხო და ჯანსაღი ურბანული აგლომერაციების მშენებლობაში”,- ნათქვამია კვლევაში.  

კვლევა ეხმიანება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბოლოდროინდელ ანგარიშს მდგრადი საგზაო ტრანსპორტისა და ფასების შესახებ, რომელიც მოითხოვს ხელმისაწვდომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს “მომხმარებლებზე ფინანსური ტვირთის შესამცირებლად”.

Deutsche Bahn-მა, გერმანიის რკინიგზის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხოლოდ მათ 26 მილიონი იაფი ბილეთი გაყიდეს და ზაფხულის თვეებში მგზავრების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. ეველინ პალამ, Deutsche Bahn-ის გამგეობის წევრმა, 9 ევროიანი ბილეთების ექსპერიმენტს “სრული წარმატება” უწოდა.

ჩვეულებრივ, ბერლინში ადგილობრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთები 107 ევრო ღირს. ივნისიდან ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთების ახალ მყიდველებს შორის ნახევარზე მეტმა თქვა, რომ დაბალი ფასი მთავარი სტიმული იყო.

9 ევროს ბილეთების სქემა აგვისტოს ბოლოს იწურება, მაგრამ ბევრი მხარდამჭერი ითხოვს პროექტის გახანგრძლივებას.

“ყველა პასუხისმგებელმა მონაწილემ სწრაფად უნდა გადაწყვიტოს ასეთი წინადადების გაგრძელება და შემდგომი განვითარება. თუ ჩვენ სერიოზულად ვართ საგზაო მოძრაობის და კლიმატის ცვლილების მიმართ განწყობილი, მაშინ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ”,-  განაცხადა ვოლფმა. 

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ გერმანია აგრძელებს ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ, რომელმაც აგვისტოში თითქმის 8%-ს მიაღწია.