LIVE

Coinbase ისევ არ ეხმაურება ხარვეზს, რამაც ქართველი კრიპტომოვაჭრეების ქონება 100-ჯერ გაზარდა

02 სექ 202212:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 892
Coinbase ისევ არ ეხმაურება ხარვეზს, რამაც ქართველი კრიპტომოვაჭრეების ქონება 100-ჯერ გაზარდა

Coinbase-ის ქართველმა მომხმარებლებმა, ტექნიკური შეცდომის გამო, მნიშვნელოვანი მოგება მიიღეს.

უმსხვილესი კრიპტო-ბირჟის იმ მოვაჭრეებს, რომლებიც კრიტოვალუტას ლარში ყიდულობენ, ტექნიკური შეცდომის გამო, 30 აგვისტოს დილით საშუალება მიეცათ, ნებისმიერი კრიპტოვალუტა 100-ჯერ უფრო ძვირად გაეყიდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სისტემამ სიმბოლო “,” უგულებელყო. შედეგად, მოვაჭრეებს შეეძლოთ, რომ მაგალითად, 1 USDT 2,88 ლარის ნაცვლად, 288 ლარად გაეყიდათ, რისთვისაც მათ წესით, $100 უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც 100 USDT ჰქონდა, 288 ლარის ნაცვლად, 28800 ლარის მფლობელი გახდა. 

მოგვიანებით Coinbase-მა კრიპტოვალუტების ლარში გაყიდვაზე შეზღუდვები დააწესა, რადგან შეცდომის დროულად გასწორება ვერ შეძლო. თუმცა იქამდე ხარვეზი ბევრმა ადამიანმა შენიშნა და საკუთარი აქტივები ასმაგად გაყიდა.

სისტემამ ასეთი ტრანზაქციების შედეგი გაყინა, თუმცა მომხმარებლების ნაწილმა მათი ქართულ ბანკებში გადარიცხვა და ფულის გამოტანა მოასწრო. ასეთი მომხმარებლების თქმით, ბანკებმა ეს თანხა მათ სესხად ჩაუთვალეს. ამასთან, მათი ანგარიშები გაიყინა.

საქმე, სავარაუდოდ, დავის საგანი გახდება. უცნობია, მოუწევთ, არა მომხმარებლებს პლატფორმისთვის თანხის დაბრუნება.

ასევე, უცნობია, ამ შეცდომის გამო, რა მოცულობის თანხა დაკარგა Coinbase-მა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში გადმორიცხული თანხა შესაძლოა, მილიონ ლარს აჭარბებდეს.

გატანილი თანხის მოცულობის შესახებ Coinbase-მა "ბიზნეს ფორმულას" შეკითხვას არ უპასუხა. მისი განცხადებით, არასწორად გატანილი თანხების დასაბრუნებლად ბირჟა გარკვეულ ზომებს მიმართავს.

"მესამე მხარის ტექნიკური პრობლემის გამო, რამაც ლარში არასწორი სავალუტო კურსი (FX) გამოიწვია, მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობამ (მთლიანი მომხმარებლების 0.001%) შეცდომით ვაჭრობა და მცირე ოდენობის თანხის გატანა შეძლო. აღმოჩენის შემდეგ, ჩვენ მოვაგვარეთ პრობლემა და ვიღებთ ზომებს არასწორად გატანილი თანხების დასაბრუნებლად", - ნათქვამია Coinbase-ის პრესსპიკერის მიერ "ბიზნეს ფორმულასთან" გამოგზავნილ წერილში. 

Coinbase-ის ყოველდღიური ტრანზაქციების მოცულობა დაახლოებით $2 მილიარდია. უზარმაზარი ოპერაციების ფონზე, ბირჟაზე დროდადრო ტექნიკური შეცდომები ხდება. მიმდინარე წლის თებერვალში სისტემური ხარვეზის გამო, მომხმარებლებს კრიპტო-ბირჟიდან შეუზღუდავი ოდენობის კრიპტოვალუტის მოპარვის შესაძლებლობა მიეცათ. 2021 წელს კი ჰაკერებმა კრიპტოვალუტა მინიმუმ 6000 მომხმარებლის ანგარიშიდან მოიპარეს