LIVE

6 ადგილი, რომელთა მონახულებას მოგზაურობის ექსპერტები ამ შემოდგომაზე გვირჩევენ

11 სექ 202218:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 757
6 ადგილი, რომელთა მონახულებას მოგზაურობის ექსპერტები ამ შემოდგომაზე გვირჩევენ
Marco Bottigelli/Moment RF

ხალხმრავლობა, ქაოსი, ავიაკომპანიების კრიზისი, სასტუმროს გაზრდილი ფასები და ექსტრემალური სიცხე - აი, როგორ დაგვამახსოვრდება წლევანდელი ევროპული ზაფხული. ეს ყველაფერი საკმარისია იმისათვის, რომ დიდი ხნის ნანატრი შვებულება ზაფხულის ნაცვლად, შემოდგომაზე დაგეგეგმათ. 

მოგზაურები, რომლებსაც სამუშაო თუ სწავლის გრაფიკი ამის საშუალებას აძლევს, წლებია სიამოვნებას იღებენ ნაკლებად ხალხმრავალი და უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობით ისეთ პოპულარულ საზაფხულო ადგილებში, როგორიცაა იტალიის და საბერძნეთის სანაპიროები. თუმცა წელს განსხვავებული ვითარება იქნება. როგორც ჩანს, ამ შემოდგომაზე დასვენებას უფრო მეტი ადამიანი ირჩევს. 

მოგზაურობის სპეციალისტები ამ შემოდგომაზე დასვენებისთვის ევროპის ექვს საუკეთესო ადგილს გამოყოფენ. 

სანტორინი, საბერძნეთი

რაც უფრო სამხრეთით მიდიხართ, მით უფრო გრძელია ზაფხული. ისეთ ადგილებში, როგორიცაა ესპანეთის ბალეარის კუნძულები ან საბერძნეთი, შეგიძლიათ ოქტომბრის ბოლომდე დატკბეთ თბილი, მშრალი ამინდით. რეგიონში ყველაზე ხანგრძლივი სეზონი სანტორინის აქვს. აქ წასვლა ნოემბრის ბოლომდე შეიძლება, რაც შესაძლებელს ხდის, რომ თქვენთვის ხელსაყრელი საგზური მოიძიოთ. თუ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე მოიცდით, ამის შანსი კიდევ უფრო გაიზრდება. 

კომოს ტბა, იტალია

ამერიკელებისა და სხვა უცხოელი ტურისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ზაფხულში იტალიის ტბების დასაპყრობად მიემართებიან, ევროპელები ტრადიციულად შემოდგომაზე ჩრდილოეთ რეგიონში მიემგზავრებიან.

ოქტომბერში კომოს ტბა სტუმრებს სთავაზობს იმას, რასაც ვერასდროს იღებენ ზაფხულში ჩასულები. შემოდგომაზე გარემოსთან ერთად, იცვლება კულინარიული ლანდშაფტი და ის ავთენტური ხდება.   

იმის გამო, რომ კომოს ტბას მრავალრიცხოვანი ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს, შემოდგომაზე სოფლები კვლავაც აქტიურია.

"ისეთ ქალაქებში, როგორიცაა კომო, ჩერნობიო და მოლტრასიო, წლის ამ დროს რესტორნები და მაღაზიები სავსეა ხალხით. ზაფხულის დასრულების შემდეგ ისინი სულ სხვანაირად ცოცხლდებიან", - ამბობს კომოს ტბის სანაპიროზე სასტუმროების მფლობელი ვალენტინა დე სანტისი.

პრაღა

ბევრს სურს დაბრუნდეს თავიანთ საყვარელ ევროპულ ქალაქებში წელს, მაგრამ ისეთი კლასიკური მიმართულებები, როგორიცაა მილანი და პარიზი, როგორც ჩანს, არ იაფდება. 

რეალურად, ბევრი ადგილი გაძვირდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოდგომის ამინდი დადგება.

"მაისი, ივნისი, სექტემბერი და ოქტომბერი მოგზაურებში ყველაზე პოპულარული გახდა", - ამბობს Mandarin Oriental-ის იტალიის რეგიონის მენეჯერი და ბრენდის მილანის სასტუმროს გენერალური მენეჯერი ლუკა ფინარდი.

კულტურის, კულინარიისა და ფუფუნების შერწყმისთვის, ექსპერტები მოგზაურებს ურჩევენ გაეშურონ ცენტრალური ევროპის დედაქალაქებისკენ, სადაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით შეიძლება დამუხტვა.

"პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი - ყველა ეს ქალაქი კოსმოპოლიტურია, თუმცა ისინი წელს ამერიკელების სიაში ვერ მოხვდნენ", - ამბობს ფინარდი.

მისი ახსნით, შესაძლოა, ამერიკელების შიშის საფუძველი უკრაინაში მიმდინარე ომი გახდა. რეალურად ეს მიმართულებები არეულობიდან ასობით მილის დაშორებით მდებარეობს.

აპულია და სიცილია 

სეზონის მიუხედავად, ამერიკული ტურ-ოპერატორის JayWay Travel-ის წარმომადგენელი ჩარლზ ნევილი თავის კლიენტებს ამალფის სანაპიროს ნაცვლად, "უფრო ავთენტურ" მიმართულებებს ურჩევს. 

"იტალიელები არ დადიან ამალფის სანაპიროზე და რატომ? აპულიას და სიცილიას უკეთესი საკვები და უკეთესი პლაჟები აქვს", - ამბობს ნევილი.

ხმელთაშუა ზღვის კლიმატის წყალობით, აპულიასა და სიცილიაზე თბილი ტემპერატურა ჩვეულებრივ ოქტომბრამდე ნარჩუნდება.

აპულიას უფრო ხალხმრავალი ქალაქები, მათ შორის ბარი და კარუზო, სეზონის მიუხედავად, აქტიური რჩება. ისტორიული სოფლებიც კი, როგორიცაა მონოპოლი, შეიძლება შესანიშნავი ადგილი იყოს შემოდგომის ვიზიტებისთვის.

"რესტორნების და სხვა ბიზნესების უმეტესობა მინიმუმ იანვრამდე მუშაობს. მათ შორისაა მსოფლიოში საუკეთესო ჟელატერია, Caruso", - ამბობს ნევილი.

პორტუგალია

საკონსულტაციო კომპანია Embark Beyond პორტუგალიას რეგულარულად ურჩევს თავის მომხმარებლებს, რომლებსაც პლაჟების, საკვებისა და ღვინის კლასიკური კომბინაცია სურთ. 

"პორტუგალია ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივაა, პრაქტიკულად წელიწადის ნებისმიერ დროს. შემოდგომაზე ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან საკმარისად თბილა სანაპიროზე გასასვლელად, ამავე დროს, ბონუსის სახით, მოგზაურებს ღვინის ქვეყანაში ხვდებათ რთვლის სეზონი", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი ბრი შელი.

მისი რეკომენდებული ტური მოიცავს ლისაბონს, დუოროს ველს და აზორის კუნძულს, პოპულარულ სათავგადასავლო მოგზაურობის დანიშნულების ადგილს ჩრდილო ატლანტის ოკეანეში.

სექტემბრის შუა რიცხვები მოგზაურობისთვის საუკეთესო ვარიანტია, თუ გსურთ, რომ თქვენი ვიზიტი რთველს დაამთხვიოთ (შარშან ის აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდა), თუმცა ოქტომბერში ჯერ კიდევ თბილა ჰაერზე ლანჩისთვის და შუადღის სანაპიროზე გასატარებლად.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეკი კარადონიო