LIVE

ევროზონის ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია და 9.1% შეადგინა

31 აგვ 202218:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 532
ევროზონის ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია და 9.1% შეადგინა

ევროზონის ინფლაციამ ახალ რეკორდს მიაღწია. ფასების ზრდის დაჩქარებამ გააძლიერა შესაძლებლობა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა განიხილოს.

სამომხმარებლო ფასები 19 ქვეყნის სავალუტო ბლოკში აგვისტოში 9.1%-ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მონაცემები Bloomberg-ის გამოკითხვის 9%-იან საშუალო შეფასებას აჭარბებს.

ახლა ისმის კითხვა, საკმარისია თუ არა ეს მონაცემები ECB-ს მიერ რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზისო პუნქტით ზრდისთვის. ეს არის ზრდა, რომელიც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ უკვე ორჯერ განახორციელა. თუმცა, ECB-ი უფრო ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რადგან ევროპა რეცესიისთვის ემზადება.

ევროს შემოღების შემდეგ ფასების ყველაზე სწრაფი ზრდა აიძულებს ფრანკფურტში პოლიტიკის შემქმნელებს დელიკატური ბალანსი მოძებნონ. განაკვეთები საკმარისად უნდა გაიზარდოს, რომ ინფლაცია 2%-იან სამიზნემდე დავიდეს, მაგრამ არა იმდენად, რომ ჩაახშოს ნებისმიერი ეკონომიკური იმპულსი, რომელიც რუსეთიდან ენერგიის მიწოდების შეწყვეტის შიშის ფონზე ნარჩუნდება.

გარდა იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა ნამდვილად დგას ენერგიაზე ფასების ზრდის უკან, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მმართველი კლას ნოთი აცხადებს, რომ ლოკდაუნის შემდეგ ძლიერმა სამომხმარებლო მოთხოვნამ ასევე შეუწყო ხელი ფასების ზრდას. მზარდი ხელფასები და სუსტი ევრო ასევე წარმოადგენენ ზრდის რისკს, რაც მისი თქმით, მონეტარული პოლიტიკის სწრაფ ნორმალიზებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ ფულის ბაზრები განაკვეთის 75 საბაზისო პუნქტით ზრდის 60%-იან შანსს ხედავენ. ოთხშაბათის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, ინვესტორები წლის ბოლოსთვის 166 საბაზისო პუნქტიან გამკაცრებაზე დებენ ფსონებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ ვებერი